Aa
Aa

"ჯილდო სრულიად ბერგამოს ეკუთვნის" - სერია A-ში საუკეთესო მწვრთნელები დაასახელეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ სპეციალური გალა-დაჯილდოება - Panchina D’Oro გამართა, რომლითაც სერია A-ს 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გამოავლინა.

„ლეგა კალჩიოს“ გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო, ბერგამოს „ატალანტას“ დამრიგებელმა, ჯან პიერო გასპერინიმ მიიღო, რომელმაც სინიშა მიხაილოვიჩი და მასიმილიანო ალეგრი ჩამოიტოვა.

„ძალიან ბედნიერი ვარ ამ პრესტიჟული პრიზის მიღებით, რომელიც სრულიად ქალაქ ბერგამოსა და „ატალანტას“ თითოეულ წევრს ეკუთვნის. მით უფრო სასიხარულო ჯილდოა, რადგან ნიჭიერ ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის მე გამომარჩიეს.

სინიშა მიხაილოვიჩი ყველასთვის ბრძოლის მაგალითია, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპორტული მოვლენები. მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანებისთვის სინიშა ნამდვილად შთამაგონებელია.

ისე კი, სიმართლე გითხრათ, პირადად მე ხმა რობერტო დ’ავერზას მივეცი, რომელსაც სერია A-ში პირველი სეზონი ჰქონდა და „პარმაში“ კარგად იმუშავა“.

აღსანიშნავია, რომ მიხაილოვიჩი ცალკე ნომინაციაში გამოარჩიეს და მას ლეიკემიასთან ბრძოლის მაგალითისთვის, სპეციალური პრიზი დემეტრიო ალბერტინიმ გადასცა.

გასპერინიმ „ატალანტა“, ისტორიაში პირველად, სერია A-ს მე-3 ადგილზე, შესაბამისად - ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. ასევე „ლა დეამ“ იტალიის თასის ფინალში ითამაშა, რომელშიც „ლაციოსთან“ დამარცხდა. 62 წლის სპეციალისტი ივლისში ქალაქ ბერგამოს საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.

Panchina D’Oro 1991 წლიდან იმართება და იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელს ასახელებს. ნომინაციის ბოლო ორი წლის გამარჯვებული მასიმილიანო ალეგრი გახლდათ, რომელმაც ჯერ ლეონარდო სემპლიჩის აჯობა, გასულ წელს კი - აურელიო ანდრეაცოლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები