Aa
Aa

დიუგარი: „მბაპე გათამამებული და გაფუჭებული ბავშვივით მოიქცა"

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, კრისტოფ დიუგარი კილიან მბაპესა და ტომას ტუხელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. ფრანგმა საკუთარი პოზიცია RMC Sport-თან საუბრისას დააფიქსირა და „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი გააკრიტიკა.

„სიმართლე გითხრათ გავნადგურდი, როცა მბაპესა და ტუხელის კონფლიქტი ვნახე. თვალებს ვერ ვუჯერებდი და ჩემს თავს ვუთხარი, რომ გამორიცხული გახლდათ კილიანი ასე მოქცეულიყო.

მბაპე ყველას არწმუნებს, რომ ბავშვი აღარაა და დაღვინებული პიროვნებაა, მაგრამ მონპელიესთან მატჩისას გათამამებული და გაფუჭებული ბავშვივით მოიქცა.

კილიანი ძალიან მიყვარს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი თამაშის სანახავად შანსს ხელიდან არასდროს ვუშვებ. მაგრამ მონპელიესთან მატჩისას მომხდარმა გული მატკინა. კილიანი ტუხელს, კავანისა და იკარდის უპატივცემულოდ მოექცა.

ურუგვაელს პსჟ-ს მაისურით 200 გოლი აქვს გატანილი. ედინსონი პარიზული გრანდის ღირსებას 10 წელია იცავს და ამ დროის განმავლობაში არაფერი უთქვამს. მბაპე კი თავს უფლებას აძლევს და მთავარ მწვრთნელსა და გუნდს ცუდ მდგომარეობაში აყენებს. მაინტერესებს კილიანი იმ მომენტში რაზე ფიქრობდა. მას თავი ვინ ჰგონია? რა ჯანდაბა სჭირს? ასე რატომ მოიქცა? დღეიდან მბაპე ჩემთვის ისეთი ბიჭი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო“.

შეგახსენებთ, რომ „მონპელიესთან“ მატჩის 68-ე წუთზე, როცა პსჟ 5:0-ს იგებდა, გერმანელმა სპეციალისტმა მბაპე შეცვალა, რამაც ახალგაზრდა ფორვარდის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც პრესა წერს, კილიანი თვლის, რომ ტუხელი მას ზედმეტად ხშირად ცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები