„ვიცი რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გაქვს
Aa
Aa

„ვიცი რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გაქვს" - „მანჩესტერის" ქველმოქმედი ახალწვეული

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოდიონ იგალო ინათხოვრა. 30 წლის ფეხბურთელი „ოლდ ტრაფორდზე“ სეზონის ბოლომდე დარჩება და „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივართა გახარებას შეეცდება.

იგალო ნიგერიელია და მიუხედავად იმისა, რომ სამშობლო 17 წლის ასაკში დატოვა, ნიგერიაში მას უდიდეს პატივს სცემენ, რაც იმით გახლავთ განპირობებული, რომ იგი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული.

2017 წლის დეკემბერში იგალომ ლაგოსის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უღარიბეს უბანში, ლიეგუნში ბავშვთა სახლი ააშენა. თავად კი ამ ადგილიდან 50 კმ-ის მოშორებით, აჯეგუნლე გაიზარდა.

„აჯეგუნლეში ბავშვობის გატარება ურთულესი იყო და მაშინ დავიფიცე, რომ თუ ოდესმე წარმატებას მივაღწევდი, საზოგადოებას, რომელმაც ჩემს ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა, გაწეულ შრომას ავუნაზღაურებდი. ბავშვობაში მე მშობლები მხარს მიჭერდნენ, მაგრამ მაინც ურთულესი ბარიერების გადალახვა მომიწია. ახსნის გარეშეც აშკარაა, რომ ობოლი ბავშვებითვის ყველაფერი ერთიორად რთულია. მახარებს, რომ მათთვის გზის განათების საშუალება მომეცა.“ - აცხადებს ნიგერიელი.

იგალომ ბავშვთა სახლის ასაშენებლად 1 მილიონი ფუნტი დახარჯა. ბავშვთა სახლში 30-დან 40-მდე ბავშვი ცხოვრებს, რომლებიც განათლებას იღებენ და სხვადასხვა სპორტს მისდევენ. 18 წლის ასაკში კი თავშესაფარს ტოვებენ და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.

იგალო ქველმოქმედებას ბავშვთა სახლის გახსნამდეც აქტიურად ეწეოდა და ხელფასის ნაწილს ნიგერიაში ბავშვების, სკოლების, ეკლესიებისა და სიღარიბეში მცხოვრები ქვრივების დასახმარებლად აგზავნიდა.

2015 წელს, იგალომ Mirror-თან საუბრისას განაცხადა: „ყოველკვირეულად ჩემს ოჯახს ხელფასის ნაწილს ვუგზავნი. გარდა ამისა, ბავშვებსა და სკოლებს ვეხმარები და 45 ქვრივზე ვზრუნავ. ვიცი რა შეგრძნებაა, როცა არაფერი გაქვს. ასევე ვცდილობ საქველმოქმედო ორგანიზაციები ჩამოვაყალიბო, რათა საზოგადოებას უფრო აქტიურად დავეხმარო“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები