Aa
Aa

ფერნანდეში: "ეს გუნდი რონალდუმ შემაყვარა"

ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა. 25 წლის ნახევარმცველის განცხადებით, იგი „წითელ ეშმაკთა“ გულშემატკივრად მაშინ იქცა, როცა კრიშტიანუ რონალდუს თამაშებს უყურებდა.

„სპორტინგის“ ყოფილმა კაპიტანმა ლისაბონური გუნდის მაისურით ჩატარებულ 137 მატჩში 64 გოლი შეაგდო, ახლა კი ახალ გამოწვევებზე გვესაუბრება.

„ჩემთვის ამ გუნდში თამაში დაუვიწყარი შეგრძნებაა. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ კარიერის ამ ეტაპამდე მოვსულიყავი, ახლა კი „იუნაიტედის“ ფანებს ვპირდები, რომ ამ ლოგოსთვის ბოლომდე დავიხარჯები, რათა კლუბი კიდევ უფრო წარმატებული გახდეს და ტიტულები მოიგოს.

ჩემი „იუნაიტედისადმი“ სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა კრიშტიანუ რონალდუს თამაშებს ვუყურებდი. იქიდან მოყოლებული ამ უდიდესი გუნდის გულშემატკივარი ვარ.

ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „სპორტინგს“, ყველაფერ იმისთვის, რაც მათ ჩემთვის გააკეთეს“.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა, შემდეგ კი, მხარეთა სურვილის მიხედვით, მისი 1 წლით გახანგრძლივების საშუალება იქნება. იგი ახალ კლუბში 18-ნომრიან მაისურს მოირგებს.

„იუნაიტედმა“ ფერნანდეშის ტრანსფერში 55 მილიონი ევრო გადაიხადა, რასაც დაახლოებით 25 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსებიც დაემატება. „მანკუნიანელებმა“ „სპორტინგისგან“ წლების წინ კრიშტიანუ რონალდუ, ნანი და მარკოს როხოც დაიმატეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები