ხელიდან გაშვებული შანსი - რატომ თქვა „ლივერმა
Aa
Aa

ხელიდან გაშვებული შანსი - რატომ თქვა „ლივერმა" კრიშტიანუს ტრანსფერზე უარი?

2003 წელს „ლივერპულს“ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მერსისაიდელებმა ტრანსფერზე უარი თქვეს.

„წითლების“ სამწვრთნელო შტაბის ყოფილი წევრი, ფილ ტომპსონი, რომელიც ჟერარ ულიეს ასისტენტი გახლდათ, Athletic-თან საუბრისას იხსენებს: „მითხრეს, რომ რონალდუს სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონი ფუნტი იყო, მაგრამ ლივერპულს ეს თანხა 4 წელზე უნდა გადაენაწილებინა. ანუ ყოველწლიურად 1 მილიონი ფუნტი უნდა გადაგვეხადა.

მე კრიშტიანუს ხელფასის შესახებ დავსვი კითხვა და მიპასუხეს, რომ რონალდუს ყოველწლიურად 1 მილიონი ფუნტი სურდა. თანაც გადასახადების გარეშე. ეს 18 წლის ბიჭისთვის დიდი თანხა გახლდათ, მაგრამ ხელფასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვა შეიძლებოდა. მე ეს ინფორმაცია ჟერარ ულიეს გავაცანი. ის კი ხელმძღვანელობას დაუკავშირდა“.

Athletic-ის მიხედვით „წითლებმა" უარი მას შემდეგ თქვეს, რაც ჟერარ ულიემ ჩათვალა, რომ რონალდუს ანაზღაურება ფეხბურთელთა შორის უკმაყოფილებას გამოიწვევდა და კლუბში სახელფასო სტრუქტურა აირეოდა. თანაც მას ლე ტალეკისა და სინამა პონგოლის ეიმედებოდა და კიდევ ერთი შემტევი არ სჭირდებოდა.

ტომპსონი ულიეს უარის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „ლივერპულში“ არავინ ელოდა კრიშტიანუს ტრანსფერს „მანჩესტერი“ რომ გაჩარხავდა. მერსისაიდელებს ისიც გაუკვირდათ „წითელმა ეშმაკებმა“ 12.2 მილიონი ფუნტი რომ გადაიხადეს, თუმცა როგორც დრომ გვიჩვენა დიადი სერ ალექს ფერგიუსონი არ შემცდარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები