როდრიგო გამოირიცხა - ბარსა დუშან ტადიჩის შეძენას გეგმავს!
Aa
Aa

როდრიგო გამოირიცხა - ბარსა დუშან ტადიჩის შეძენას გეგმავს!

ბოლო დღეებში „ვალენსიასთან“ როდრიგოს თაობაზე მიმდინარე აქტიური მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. „ბარსამ“ „ღამურების“ მიერ წამოყენებულ პირობებზე უარი განაცხადა.

ესპანური Mundo Deportivo ამ ინფორმაციას ადასტურებს. Sky Sports-ის ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო კი იუწყება, რომ „ბლაუგრანა“ როდრიგოს ალტერნატივაზე უკვე მუშაობს და ეს დუშან ტადიჩი გახლავთ.

ამსტერდამის „აიაქსის“ 31 წლის სერბი ფორვარდი კატალონიელებს ამ მომენტისთვის სუარესის იდეალურ შემცვლელად მიაჩნიათ.

როგორც ჩანს, „ბარსელონა“ იანვარში დიდი ფულის დახარჯვას არ აპირებს და მეგატრანსფერს ზაფხულამდე არ განახორციელებს. „ბარსას“ „აიაქსთან“ კარგი ურთიერთობა აქვს და როგორც წყარო იუწყება, ტადიჩის აგენტი 29 იანვარს უკვე „ბარსელონაში“ ჩაფრინდება და მოლაპარაკებებს დაიწყებს.

სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 1 თებერვალს იხურება და კატალონიელებს სუარესის შემცვლელის შესაძენად 2 დღე რჩებათ.

უნდა აღინიშნოს, რომ ტადიჩი „ბარსას“ სათამაშო სტილს იდეალურად მოერგება. სერბს ერთდროულად რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. „აიაქსში“ ის ფორვარდად თამაშობს, თუმცა მას გაცილებით სიღრმიდან მოქმედებაც ეხერხება და ორივე ფლანგზე თანაბრად კარგად გამოიყურება.

ტადიჩმა „აიაქსის“ რიგებში 89 მატჩში 50 გოლი გაიტანა და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები