Aa
Aa

Aus Open-ზე ქალთა პირველი ნახევარფინალური წყვილი ცნობილია!

ავსტრალიის ღია პირველობაზე, ქალთა შორის პირველი ორი ნახევარფინალისტი გაირკვა. დღის პირველ შეხვედრაში ტურნირზე მე-14 ნომრად განთესილმა, სოფია კენინმა ტუნისელ ონს ჟაბერს ორ სეტში მოუგო.

ჟაბერი, რომელმაც კარიერაში საუკეთესო ტურნირი ჩაატარა, დიდი სლემის 1/4 ფინალში პირველად თამაშობდა. 21 წლის კენინმა იგი ორსეტიან ბრძოლაში, რთულად, მაგრამ დამაჯერებლად დაამარცხა - 6:4; 6:4.

კენინი დიდი სლემის ტურნირების 1/2 ფინალში პირველად გავიდა, სადაც მისი მეტოქე მსოფლიოს პირველი ჩოგანი - ეშლი ბარტი იქნება.

ავსტრალიელთა მთავარმა იმედმა შესანიშნავ ფორმაში მყოფ პეტრა კვიტოვას ასევე ორ სეტში აჯობა. პირველ პარტიაში თანაბარი ბრძოლა წავიდა და ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ოდნავ უკეთესი ბარტი აღმოჩნდა.

მეორე სეტში კი „ოზის“ უპირატესობა აშკარა იყო, მან ჩეხს შანსი აღარ დაუტოვა და გასულ წელს ტურნირის ამავე სტადიაზე წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო - 7:6; 6:2.

1984 წლის შემდეგ, ეშლი ბარტი საკუთარი ქვეყნის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/2 ფინალში გააღწია.

ბარტი და კენინი ერთმანეთს მეექვსედ შეხვდებიან. აქამდე გამართული 5-დან 4 მატჩი ბარტის გამარჯვებით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები