ქეცბაიას გუნდის დასანანი მარცხი: ''ანორთოსისი'' ლიდერობას ინარჩუნებს
Aa
Aa

ქეცბაიას გუნდის დასანანი მარცხი: ''ანორთოსისი'' ლიდერობას ინარჩუნებს

კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' მეორედ დამარცხდა. ''ომონიასთან'' გასვლით შეხვედრაში ერთადერთი გოლი მიხალ დურიშმა საკუთარ კარში გაიტანა. გოლის ეპიზოდში ბუბა დაუშვილი ბურთის მოგერიებას გეგმავდა, თუმცა დურიშმა ძალიან ცუდად ითამაშა და ლორიას ახლო კუთხეში შეუგდო.

''ანორთოსისის'' სასტარტოში გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა 90 წუთი ითამაშეს. ნიკა კაჭარავა სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მე-60 წუთზე ჩაერთო თამაშში. თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრა გამოტოვა, ხოლო ჯანო ანანიძე ამ ეტაპზე თამაშისთვის მზად არაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ამჯერადაც საკმაოდ დამაჯერებელი იყო და რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია.

''ანორთოსისმა'' 16 ტურში 36 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე ადგილზე ''ომონიაა,'' რომელმაც 17 შეხვედრა ჩაატარა და 35 ქულა დააგროვა. ქეცბაიას გუნდს უშუალო კონკურენტთან შედარებით ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

''ანორთოსისი'' შემდეგ ტურში გამოკვეთილ აუტსაიდერ ''დოქსას'' დაუპირისპირდება. მატჩი პირველ თებერვალს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები