ხაცკევიჩი მიქელთაძეს იწვევს: ''როტორი'' აღზევების მთავარი ფავორიტია
Aa
Aa

ხაცკევიჩი მიქელთაძეს იწვევს: ''როტორი'' აღზევების მთავარი ფავორიტია

ყაზანის ''რუბინის'' დატოვების შემდეგ ბექა მიქელთაძე შესაძლოა ვოლგოგრადის ''როტორში'' ჩაირიცხოს. რუსეთის რანგით მეორე ლიგას ''როტორი'' 52 ქულით ლიდერობს და უმაღლეს ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია. მიქელთაძის გარდა ''როტორი'' ყაზანური კლუბის კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელით, ნიკა ყიფიანით ინტერესდება. შესაძლოა მიქელთაძემ და ყიფიანმა ამჯერად ''როტორში'' ითამაშონ ერთად.

23 წლის ნიკა ყიფიანი რუსეთის მოქალაქეა, მას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ''რუსთავში'' უთამაშია. ასევე გამოდიოდა კვიპროსული ''ომონიას,'' ''ახნასისა'' და ''ერმისის'' რიგებში. ''რუბინს'' მიმდინარე სეზონში შეუერთდა, რუსეთის პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე თვეში სლუცკის გადაწყვეტილებით მიქელთაძე და ყიფიანი გუნდს დაემშვიდობნენ.

''როტორის'' მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩია, რომელიც 2014-17 წლებში ბელარუსის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, შემდეგ კი კიევის ''დინამოს'' მთავარ მწვრთნელად იმუშავა. 46 წლის სპეციალისტი ''როტორის'' მთავარ მწვრთნელად გასულ თვეში დაინიშნა.

''როტორი'' რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, 90-იან წლებში კი ევროთასებზე რეგულარულად ასპარეზობდა. 1995-96 წლების სეზონში ''როტორმა'' უეფას თასზე მეტოქის მოედანზე გატანილი გოლების წყალობით სერ ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერ იუნაიტედს'' აჯობა, რაც ცხადია უდიდესი სენსაცია იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები