Aa
Aa

“იმედი მაქვს, ბევრს არ ვიტირებ" - ვოზნიაცკიმ კარიერის ბოლო მატჩი გამართა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, კაროლინ ვოზნიაცკიმ კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა. 29 წლის დანიელი ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში, ტუნისელ ონს ჟაბერთან 3 სეტში - 5:7; 6:3; 5:7 დამარცხდა.

ვოზნიაცკის გასულ წელს კიდურის დაავადების, რემატოიდული ართრიტის დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც დაანონსა, რომ წლევანდელი Aus Open-ი მისთვის კარიერაში ბოლო ტურნირი იქნებოდა.

იმედი მაქვს, ბევრს არ ვიტირებ, თუმცა ხელსახოცები მაინც თან მაქვს. ნამდვილად სიმბოლურია, რომ ჩემი კარიერის ბოლო მატჩი ასეთი გამოვიდა - 3-სეტიანი და ძალიან დაძაბული, რომელშიც ორივე ჩოგბურთელი მაქსიმალურად იხარჯება. სიმბოლურია ისიც, რომ კარიერის უკანასკნელი თამაში ფორჰენდიდან დაშვებული შეცდომით დავასრულე.

მთელი ამ წლების განმავლობაში ოჯახისგან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდი. განსაკუთრებით მამაჩემისგან, რომელიც ჩემი მწვრთნელიც იყო. დაუვიწყარი მოგონებები და ბრწყინვალე მოგზაურობა, დიდი წრე, რომლის დროსაც ჩვენ მუდამ ერთად ვიყავით. რასაც მივაღწიე, ნამდვილად გასაოცარია და ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზად ვარ. თქვენ კორტზე ვეღარ მიხილავთ, თუმცა მის გარეთ ამის საშუალება ისევ გექნებათ“.

სკანდინავიელი ვარსკვლავი ქალთა მსოფლიო რეიტინგის პირველ პოზიციაზე, 2010-11 წლებში, ჯამში 71 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. მას WTA-ში 30 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის ერთი დიდი სლემისაა - 2018 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.

ასევე ორჯერ ამერიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა, თუმცა 2009 წელს - კიმ კლაისტერსთან, ხოლო 2014 წელს სერენა უილიამსთან დამარცხდა.

ვოზნიაცკიმ საკუთარი ქვეყანა ოლიმპიადაზე 3-ჯერ წარმოადგინა, 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე კი საერთოდ მისი მედროშე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები