ევროპული დეკადა დასრულდა - ჩიჩარიტო ''იბრას'' შემცვლელად
Aa
Aa

ევროპული დეკადა დასრულდა - ჩიჩარიტო ''იბრას'' შემცვლელად

გილერმო ბაროს შელოტოს ფორმაციის ''ლოს ანჯელეს გალაქსიში'' ცნობილი მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო ითამაშებს. ევროპაში გატარებული 10-წლიანი პერიოდის შემდეგ 31 წლის თავდამსხმელმა კონტინენტი დატოვა და კარიერის გაგრძელება MLS-ში გადაწყვიტა, გუნდში, სადაც მის მისვლამდე მთავარი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო. 38 წლის შვედმა 2019 წლის MLS-ში 31 მატჩში 31 გოლი შეაგდო. ამ შედეგის ჩვენება ცხადია რთული შესასრულებელი იქნება.

2010 წელს მექსიკელი მშობლიური ''გვადალახარადან'' სერ ალექს ფერგიუსონის ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადავიდა, შოტლანდიელს მასთან მუშაობის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელის მანჩესტერული კარიერა არ აღმოჩნდა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ''წითელი ეშმაკები'' ელოდნენ.  2010-16 წლებში ჩიჩარიტომ ''მანკუნიანელთა'' რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 157 მატჩში 59 გოლი შეაგდო, პრემიერ ლიგა ორჯერ და ერთხელ ქომუნითი შილდი მოიგო.

მან იჯარით 2014-15 წლების სეზონში კიდევ ერთი მსოფლიო გრანდის, მადრიდის ''რეალის'' რიგებში ითამაშა და არც ესპანეთი დატოვა ტიტულის გარეშე, 2014 წელს მსოფლიო საკლუბო ტურნირის გამარჯვებული გახდა, როცა რამოსისა და ბეილის გოლებით ესპანურმა კლუბმა ფინალში ''სან ლორენცო'' დაამარცხა.

ჩიჩარიტომ ასევე ითამაშა ლევერკუზენის ''ბაიერში,'' ''ვესტ ჰემსა'' და ''სევილიაში.''

მექსიკის ეროვნულ გუნდში 109 შეხვედრაში 59 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები