Aa
Aa

Mundo Deportivo - „ბარსას" ორი რჩეული ჰყავს

კატალონიური გაზეთი, Mundo Deportivo იუწყება, რომ „ბარსელონა“ ლუის სუარესის დროებით შემცვლელად პიერ-ემერიკ ობამეიანგს მოიაზრებს. ურუგვაელის ტრავმის შემდეგ, „ბლაუგრანას“ სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა სატრანსფერო ბაზარზე არსებული სიტუაიცია შეაფასა და რამდენიმე ფეხბურთელი გამოარჩია.

მოთამაშე, რომლის გადაბირებაზეც საუბარი ყველაზე აქტიურად მიდის, ობამეიანგი გახლავთ. Mundo Deportivo-ს მიხედვით, „ბარსელონა“ გაბონელის ტრანსფერის გაჩარხვას ზამთარში შეეცდება.

„არსენალის“ ცენტრფორვარდის გარდა „კამპ ნოუს“ ბინადრები „ვალენსიას“ ფეხბურთელის, როდრიგოს შეძენასაც განიხილავენ. „ბარსას“ მესვეურებს მიაჩნიათ, რომ ესპანელი შემტევი გუნდის სათამაშო სტილს უკეთ მოერგება, ვიდრე ობამეიანგი. ამასთან ერთად ისინი თვლიან, რომ როდრიგოს კომბინირების უნარი აქვს და ხაზებს შორის გაბონელზე ბევრად ეფექტურია. თუმცა მათივე აზრით „ობა“ ფიზიკურად გაცილებით ძლიერი გახლავთ, რაც გუნდს განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე გამოადგება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასთვის“ სატრანსფერო ფანჯარა 1 თებერვალს იხურება და „ბლაუგრანას“ მიზნის მისაღწევად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები