''რაგბის კავშირს წარმატებით ანგრევენ'' - ''ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს''
Aa
Aa

''რაგბის კავშირს წარმატებით ანგრევენ'' - ''ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს''

სარაგბო კლუბ ''ლოკომოტივის'' პრეზიდენტმა თემურ ბენდიაშვილმა საქართველოს რაგბის კავშირი გააკრიტიკა. მან სოციალურ ქსელში ქართულ რაგბიში არსებული პრობლემების შესახებ ვრცლად დაწერა.

თემურ ბენდიაშვილი:''მინდა მჯეროდეს, რომ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც ქვიშის მარცვლებს უდაბნოში, გაცნობიერებული არა აქვს საით მიჰყავს ის ქარის დინებას. ადამიანი ქვიშის ნამქერის ნაწილი არ არის - მან იცის რას აკეთებს და რატომ. ეს მით უფრო საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებულ „საზოგადოებას“ ეხება. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის მოქმედებების ღერძი, სამწუხაროდ, გაცნობიერებული ვაჭრული სულია. შედეგად საქართველოს სარაგბო ოჯახის უმაღლეს ინსტანციაში გაბატონებულია ქაოსი და გაურკვევლობა, ფაქტიურად - კრიზისი, რომელსაც, როგორც ჭირს, ვერა და ვერ დამალავ. ოღონდ იქამდე იქნება გაყუჩებული ქვიშის მარცვალი ანუ ჩვენი რაგბის ეროვნული კავშირი, უფრო ზუსტად, კავშირის მესვეურები, ვიდრე ქარი არ მიუჩენს მას ახალ ადგილს. ქარი კი უკვე ამოვარდა.
ოდნავ დროში გამოგზაუროთ: რაგბის კავშირის ნგრევის პროცესი დღეს არ დაწყებულა. მას დღევანდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე დღიდან არჩევისა წარმატებით აგრძელებენ. რაგბის კავშირის წევრებმა ისინი 2016 წელს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ბატონმა გიორგი ნიჟარაძემ ამოწურა თავისი პრეზიდენტობის 2 ვადიანი პერიოდი, 2008-2016 წლები. ნგრევის დასაწყისი სწორედ ამ წლების მეორე ნახევარს უკავშირდება.
გიორგი ნიჟარაძემ, არჩევნებისათვის ბრძოლაში, მძლავრი რეკომენდაციით აღჭურვა თავისი რჩეული, პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი გოჩა სვანიძე. შესაძლოა, ამან განაპირობა ის, რომ რაგბისტებმა 31:34-ზე, მინიმალურ სხვაობით, მაგრამ მაინც წააგეს „კომერსანტებთან“ არჩევნები. ამ 34 ხმაში ვეტერანების ერთი ხმა - ხელმძღვანელობამ გადასცა ვითომდა ახალარჩეულ ვეტერანთა პრეზიდენტს, რომელიც არჩევნების შემდეგ არავის უნახავს.
საზოგადოდ, ვეტერანების კავშირის არსებობა სრულიად სიმბოლურია; ვეტერანების ურთიერთობა კავშირთან გამოიხატება მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში ავთო ღიბრაძის ხელმძღვანელობით (სომხეთი, უკრაინა, ჰოლანდია) და საიუბილეო და რიგით დაბადების დღეების აღნიშვნებში. დარჩენილი უმრავლესობა, დაახლოებით 20 ადამიანი, „სამეულმა“ მოისყიდა.
ზემოხსენებული სამი პიროვნება იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, რომ დაუპირისპირდა წარსულში საქართველოს ნაკრების სამ კაპიტანსაც - ზედგენიძეს, აბუსერიძეს და მაჩხანელს.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები სვანიძემ და მისმა მხარდამჭერებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს, პირველივე დღიდან კავშირის შემადგენლობა თავინთი მხარდამჭერებით განაახლეს. მოკლედ, ალიანსი შედგა... სამეულის ზეგავლენა გავრცელდა სტკ - ზე, კომისართა და მსაჯთა კომიტეტებზე, ანუ ყველა იმ კომიტეტზე, რომელსაც რაგბის კავშირი აფინანსებს. მხოლოდ ერთეულებია გამონაკლისი.
დიახ, არჩევნებში გაიმარჯვეს „კომერსანტებმა“. მაგრამ, ნათქვამია - რად გინდა ისეთი გამარჯვება, რომელიც მეგობრებს დაგაკარგვინებს, მით უმეტეს თუ მტრად გაგიხდის. მოდით, სანამ ბოლომდე არ დავცემულვართ, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კავშირის გამგეობის მერკანტილური ინტერესებია, რაც გამოიხატა კავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან პიროვნული პატიოსნების დათმობებში და არაკომპეტენტურობაში. რაგბის კავშირის გამგეობის საქმიანობაში კომერციულმა საკითხებმა, ფაქტიურად, გადაფარა ის, რისთვისაც კავშირი არსებობს - საკუთრივ სპორტული მხარე! იმ საკითხების შესახებ, კომერციის შესახებ, რაც ეხება რაგბის საჭიროებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების გაცვლა-გაყიდვას, სხვა ეკონომიკური ხასიათის დარღვევებს, ამას ცალკე მოგახსენებთ.
ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის შესახებ.
მსოფლიო ჩემპიონატმა თვალნათლივ გვიჩვენა ჩვენი ეროვნული გუნდის ყველა პრობლემური მხარე. შეშფოთების საგანი კი იყო, კერძოდ, დაბალი კლასის თამაშები ევროპის ჩემპიონატზე, სასტიკი მარცხი იაპონიასთან და ფიჯისთან, უღიმრამო თამაში თბილისში სამოასთან და ტონგასთან, რომელიც ბოლო წუთებზე მოვიგეთ.
უნდა ითქვას, რომ არ მოწყობილა ჩემპიონატის არცერთი თამაშის განხილვა, რაც რაგბისტების თამაშის არა მხოლოდ თეორიული ნაწილია, არამედ, ჩემი აზრით, განხილვა-კამათი სპორტსმენის, გუნდის ზრდის და დაოსტატების, განვითარების საფუძველია. გარეშე ადამიანმა, შესაძლოა, ყოველივე ეს ზედმეტად მიიჩნიოს, მაგრამ პროფესიონალმა - არავითარ შემთხვევაში! აქ ხდება ანალიზი თითოეული მოთამაშის მიერ გამოვლენილი წარმატებული თამაშისა და არანაკლებ მნიშვნელოვანი -წარუმატებელი მოქმედებებისაც. ამდენად, რაგბისტებისთვის ანალიზის გარეშე დარჩა როგორც მნიშვნელოვანი პროფესიული დეტალები, ისე, ზოგადად, თამაშის სტრატეგია და ტაქტიკა; ანუ ყველა ის მოთხოვნა, რაც პროფესიულ გუნდს ესაჭიროება. აქვე ვიტყვი, რომ პირველი ნაკრების მწვრთნელს არ ჰქონია არც ერთი შეხვედრა სპეციალისტებთან, გამგეობის წევრებზე ვერაფერს მოგახსენებთ. თუმცა, მინდა მკითხველმა ისიც იცოდეს, რომ გამგეობის 15 წევრიდან დიდი რაგბი არავის უთამაშია (ერთის გარდა), ანუ... პროფესიონალიზმის დეფიციტი სათავეშივეა.
გარდა ამისა, მაქვს დამატებითი კონკრეტული შეკითხვები, რაც თვალის ერთი შევლებით უჩნდება არა მხოლოდ პროფესიონალს, არამედ რაგბიში გათვითცნობიერებულ მაყურებელსაც კი:
1. თუ იყო ნაკრების შემადგენლობისთვის ტესტები, რატომ არ შეეხო ეს უკანასკნელი ყველას და რატომ შეეხო მხოლოდ ჟვანიას.
2. რატომ არ იყო ჩილაჩავა, რომელსაც ტრავმა არ ჰქონია, იგი ჯანმრთელი იყო.
3. ვფიქრობ, მეტი დრო უნდა მიეცათ სუთიაშვილისთვის, რომელიც ტესტებზე შეცვლაზე შემოდიოდა და საუკეთესო იყო.
4. ოთო გიორგაძეს მეტი უნდა ეთამაშა.
5. ცხრა ნომრებშიც, რომელიც უფრო კარგ ფორმაში იყო, ის შეცვლაზე შემოდიოდა.
6. მთელი მოსამზადებელი პერიოდი #10 _ ზე თამაშობდა აბჟანდაძე _ საუკეთესო ბიჭი, მაგრამ პატარა; ჩანდა რომ ჯერ ადრე იყო მისი მგეზაობა. მსოფლიო კი ითამაშა #10-მა ხმალაძემ.
7. სამ/მეოთხედებმა და დამცველმა ვერ აჩვენეს თავი. ეს, როგორც იტყვიან, ურემი რომ გადაბრუნდა, მაშინ გამოჩნდა, თორემ ყველაფერი დაკვირვებული თვალისთვის დასაწყისშივე ნათელი უნდა ყოფილიყო.
8. რატომ არ იყო ზირაქიშვილი, რომელიც საფრანგეთში დღესაც საუკეთესოა.
9. რატომ არ იყო მეკო, რომელიც დღესაც საუკეთესოა საქართველოში.

მთავარი:
მსოფლიო ჩემპიონატზე 12 გუნდში მოსახვედრად ჩვენ ერთი თამაში უნდა მოგვეგო - ეს ფიჯის გუნდი უნდა ყოფილიყო. ზოგს ჰგონია, რომ ფიჯის გუნდი უძლეველია ჩვენთვის. ასე არ არის; რაც ზემოთ ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არის კიდევ „ერთი თამაშისთვის განსაკუთრებული მომზადება და სტრატეგია“. ამას ისიც ემატება, რომ ეს ფაქტი დიდი ხანია, უკვე 4 წელია ყველამ ვიცით. ამისათვის ახალი გუნდის შენება 4 წლის წინ უნდა დაგვეწყო და არა 2 წლით ადრე. და კიდევ - ფიჯის გუნდზე მეტი ინფორმაცია იყო საჭირო, კერძოდ, მათი ხელწერა და შესაძლებლობები.
ფიჯიმ დაინახა რა ჩვენი ძლიერი მხარეები, დასაწყისშივე ჩაშალა ჩვენი გუნდის პლუსები. არ ვიცი, რატომ გვეგონა, რომ ბოლო 20 წუთში დავჯაბნიდით და გავტეხდით მოწინააღმდეგეს. კიდევ უფრო მთავარი კი ის იყო, რომ ვერ გავანეიტრალეთ მათი სწრაფი სამი/მეოთხედები, რაც რთული იქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი.
ჩვენ ფიჯისთან კლასიკური დაცვა ვითამაშეთ, მაშინ როცა შესაძლებელი იყო დაგვეთმო სივრცე და აგვეღო მთელი მოედანი - ხუთ ერთნაირ ლელოს მაინც ვერ გაგვიტანდნენ! ამაზეც ადრე უნდა გვეფიქრა, მით უფრო, რომ ეს ამოცანა არ იყო განუხორციელებელი.
პრობლემები ბევრი აქვს ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ ჩვენი გუნდისთვის ეს პრობლემები გადაულახავი არ არის. სამწუხაროა ის, რომ, თითოეული პრობლემათაგან მაინც რჩება წლიდან წლამდე. ისევ და ისევ არაპროფესიული დამოკიდებულების და რაგბის კავშირში, და, ალბათ, ზოგადად სპორტში, პირადი ანგარებიანი დამოკიდებულების გამო.
საჭიროა:
პირველ რიგში - გაიწმინდოს სათავე, რაგბის კავშირი, რომელიც პირდაპირ კავშირშია თითოეულ მატჩთან და რომელმაც საკუთარი ფუნქცია უნდა მიუძღვნას ეროვნული რაგბის აღმავლობას და არა პირად კეთილდღეობას.
ამიტომ:
• ყველა კომპრომეტირებულმა პერსონამ თანამდებობა უნდა დატოვოს რაგბის კავშირში (ესენი არიან, თუნდაც, წერილის დასაწყისში ნახსენები, ასე ვთქვათ, „კომერსანტები“).
• საჭიროა ჩამოყალიბდეს მწვრთნელთა გუნდი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნაკრების გამოსვლაზე.
• ამ ჯგუფს მუდმივი კავშირი უნდა ჰქონდეს მწვრთნელთა კომიტეტთან.
• ნაკრების მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს ფრანგი; იქ ჩვენი ბიჭების უმეტესობაა და მწვრთნელი, მათ გარდა, კიდევ არაერთ მოთამაშეს წაიყვანს.
• მწვრთნელი უნდა იყოს ამბიციური, გამოკვეთილი მიზნით, მოიგოს ერთი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე.
• ...და ბოლოს, ისიც მინდა ვთქვა, რომ მთავრობის ყურადღება უფრო მეტი ძალისხმევითაა საჭირო, ვიდრე ეს აქამდე იყო. მთავრობის დახმარების გარეშე წარმატება არ მიიღწევა.
• რაც შეეხება რაგბის კავშირს: პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები დამატებითი სამსახურებით არ უნდა იყვნენ დაკავებულნი. სამართლიანობა, პატრიოტიზმი, ერთგულება მათ ისევე მოეთხოვებათ, როგორც მაღალი დონის რაგბის ცოდნა. მათი პროფესიონალიზმი გადამწყვეტია საქართველოს ეროვნული გუნდის გამარჯვებაში, ისევე, როგორც თითოეული რაგბისტისა.

P.S. უნდა ვაღიაროთ, რომ იაპონიაში ჩვენს წარუმატებელ გამოსვლაში თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობისა. ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, გამოჩენილ ქართველ ვეტერან რეგბისტებს ეხება. ეს პასუხისმგებლობა იქიდან იწყება, რომ წინა არჩევნების დროს თითოეული ჩვენგანი არ ჩაუღრმავდა პროცესებს მთელი სისრულით, არ გამოვთქვით მართებული დამოკიდებულება, ცოტა ზერელედ მოვეკიდეთ არჩევნების პროცესს და  შედეგმა თავი იჩინა. მივიღეთ ის შედეგი, რაც იაპონიაში ჩემპიონატზე დაფიქსირდა.
იქნებ შედგეს არჩევნებამდე შეკრება რაგბისტების, სადაც ყველაფერი იქნება ღიად და საფუძვლიანად გარჩეული, მოხდება მომზადება ყრილობისთვის, რომ კიდევ ერთხელ არ დავუშვათ შეცდომა და რაგბის განვითარების სადავეები რაგბის ჭეშმარიტ პროფესიონალებს და მოღვაწეებს მიენდოს და არა „კომერსანტებს“, თორემ მაგათი გზა გამარჯვების ტაძრამდე არ მიგვიყვანს.''

ცხელი ამბები