Aa
Aa

ახალი სკანდალი - კოვაჩევიჩზე იარაღით თავდასხმის უკან რაულ ბრავო იდგა?!

სერბული გაზეთის, Telegraf-ის ინფორმაციით, დარკო კოვაჩევიჩზე მომხდარი თავდასხმის უკან რაულ ბრავო დგას. კოვაჩევიჩს რამდენიმე დღის წინ იარაღიდან ესროლეს, იგი სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა, პრევენციის მიზნით, ჰოსპიტალში მაინც მოხვდა.

ბრავო და კოვაჩევიჩი „ოლიმპიაკოსში“ თანაგუნდელები იყვნენ, საქმე კი გარიგებული თამაშების გარშემო ატეხილ სკანდალს უკავშირდება.

როგორც სერბული გამოცემა წერს, ბრავომ, რომელიც გასულ წელს პოლიციამ თამაშების ჩაწყობის ბრალდებით დააკავა და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, კოვაჩევიჩის გაფრთხილება სწორედ ამ გზით გადაწყვიტა. არსებული ვარაუდით, მსროლელს ვეტერანი სერბი ფეხბურთელის მოკვლა დავალებული არ ჰქონდა და თავდასხმის მიზანი მხოლოდ გაფრთხილება იყო.

გავლენიანი იტალიური გამოცემის, Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კოვაჩევიჩმა, შესაძლოა, გამოძიებასთან ითანამშრომლა და შემდეგშიც იგივე რომ არ გააკეთოს, ამ გზით დააშინეს. კოვაჩევიჩი საფეხბურთო კარიერისას, სხვა გუნდებთან ერთად, „ლაციოს“, „ოლიმპიაკოსისა“ და ორი წლით „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ ყოფილი მცველი რაულ ბრავო და მისი რამდენიმე სავარაუდო პარტნიორი მაისში დააკავეს. მათ ბრალად, ესპანეთის მასშტაბით, თამაშების ჩაწყობა და ფულის გათეთრება ედებოდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები