ბითაძის ორი ქულა და 1 მოხსნა - „ინდიანამ
Aa
Aa

ბითაძის ორი ქულა და 1 მოხსნა - „ინდიანამ" „ფილადელფიას" მოუგო

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდა და ერთ-ერთი კონკურენტი 101-95 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი „ფილას“ უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში მაკმილანის გუნდმა ინიციატივა ხელთ იგდო და გადამწყვეტ მომენტში მეტოქეზე უკეთ იასპარეზა.

„სიქსერსთან“ მატჩში გოგამ პარკეტზე 4 წუთი და 14 წამი გაატარა. ამ დროში ქართველი ცენტრის მონაგარი 2 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ბითაძემ 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი გააფუჭა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

 

„ინდიანას“ რიგებში 21-21 ქულით ტი ჯეი უორენი და მალკოლმ ბროგდონი გამოირჩნენ. მაილს ტერნერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 14 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. დომანტას საბონისმა შეხვედრა 10 ქულითა და 16 მოხსნით დაასრულა, ხოლო ჯასტინ ჰოლიდეი 14 ქულას დასჯერდა.

„ფილადელფიას“ დამარცხების შემდეგ, „ინდიანამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და უკან სწორედ „სევენთი სიქსერსი“ ჩამოიტოვა. „პეისერსს“ ზედიზედ ორი მატჩი აქვს მოგებული და წარმატებული სვლის გაგრძელებას 16 იანვარს, „მინესოტას“ წინააღმდეგ სტუმრად გასამართ შეხვედრაში შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები