Aa
Aa

"ბარსას" ბორდის შეკრებას პრეზიდენტიც შეუერთდა - ვალვერდეს აგენტიც ბარსელონაშია

ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენა-არდარჩენის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება. კლუბის დირექტორთა საბჭოს სპეციალურად მოწვეულ სხდომას, პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუც შეუერთდა. 

კატალონიურმა Sport-მა გაავრცელა კადრები, როგორ მივიდა ბარტომეუ "ნოუ კამპის" მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც გამოცემა წერს, "ბარსას" პრეზიდენტს, ვალვერდეს მომავალთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ აქვს და, შესაძლოა, დირექტორთა საბჭოსთან კონსულტაციამ რაღაც-რაღაცები შეცვალოს.

მეორე მხრივ, მადრიდული Marca წერს, რომ დღეს დილით, ბარტომეუსა და ვალვერდეს შორის, გამართული შეხვედრისას, "ბარსას" პრეზიდენტმა ბასკ სპეციალისტს აცნობა, რომ იგი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვეღარ დარჩება.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ბარსელონაში იმყოფება "ასულგრანას" თავკაცის აგენტიც, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს და მოვლენათა განვითარებას ელოდება.

მეორე კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo წერს, რომ თუკი ვალვერდეს დაითხოვენ, "ბარსა" მის შემცვლელად 4 მთავარ კანდიდატურას განიხილავს - მასიმილიანო ალეგრის, კიკე სეტიენს, მაურისიო პოჩეტინოსა და ხავიერ გარსია პიმიენტას.

ალეგრის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, აი რაც შეეხება ბევრისთვის უცნობ 45 წლის პიმიენტას, იგი "ბლაუგრანაში" შინაური კაცია და გუნდის მაისურით ფეხბურთელობისასაც თამაშობდა, შემდეგ კი ახალგაზრდულ აკადემიაში ასაკობრივ გუნდებს წვრთნიდა. გარსია 2018 წლიდან ინგლისური "სტოკპორტის" მთავარ მწვრთნელად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ერნესტო ვალვერდემ დღეს "ბარსას" ფეხბურთელები ჩვეულად ავარჯიშა, ხვალისთვის კი ორი სავარჯიშო სესია ჩანიშნა, თუმცა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები