Aa
Aa

ლომბარდიული გაცვლა: კალდარა - "ატალანტაში", კიაერი - "მილანში"

ლომბარდიულმა კლუბებმა - „მილანმა“ და „ატალანტამ“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც მათი მცველები - მატია კალდარა და საიმონ კიაერი გუნდებს შეიცვლიან.

მილანელები კიაერს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანენ, სეზონის ბოლოს კი მისი „სევილიასგან“ გამოსყიდვის საშუალება ექნებათ. დანიელ უკანახაზელს მილანში დღეს ელოდებიან - „როსონერიში“ იმედი აქვთ, რომ 30 წლის სკანდინავიელს შუა კვირაში გასამართი სათასო მატჩისთვის განაცხადშიც შეიყვანენ.

რაც შეეხება კალდარას, მან სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და „ატალანტასთან“ 18-თვიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს, შემდეგ კი „ნარძურის“ მისი 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნება.

25 წლის იტალიელი „მილანში“ სეზონ-ნახევრის წინ გადავიდა, თუმცა სერიოზული ტრავმის გამო, თამაში პრაქტიკულად არ მოუწია და მშობლიურ კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა.

კალდარა ბერგამოშია დაბადებული და საფეხბურთო სკოლაც „ატალანტაში“ გაიარა, პროფესიონალურ დონეზე კი „შავ-ლურჯების“ ფორმა 100-მდე შეხვედრაში მოირგო და ეფექტური თამაშით აპენინური გრანდების ინტერესი და საბოლოოდ, „იუვენტუსში“ ტრანსფერი დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები