''ტრავმის შემდეგ სისწრაფე დავკარგე'' - ჩაკვეტაძე ''გენტის'' მადლიერია
Aa
Aa

''ტრავმის შემდეგ სისწრაფე დავკარგე'' - ჩაკვეტაძე ''გენტის'' მადლიერია

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ მედიასთან ტრავმის გამო გამოწვეული რთული პერიოდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით მუხლში ტკივილს არ გრძნობს და 1 ან 2 მატჩის შემდეგ მაღალ დონეზე თამაში უნდა შეძლოს.

ქართველი ტალანტი, რომელსაც ევროპის არაერთი კლუბი აკვირდება, voetbalprimeur-ს ესაუბრა.

გიორგი ჩაკვეტაძე: ''მუხლი აღარ მტკივა. ვიგრძენი, რომ ისეთი სისწრაფე არ მაქვს, როგორიც მქონდა ტრავმის მიღებამდე, მაგრამ ტკივილი აღარ მაწუხებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

კარიერაში ამ სახის გამოცდილება არ მქონია, როცა მინდორს ხანგრძლივი პერიოდით ემშვიდობები. როცა გავიაზრე, რომ დიდი ხანი მომიწევდა ფეხბურთის გარეშე ყოფნა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ერთი წელი ფიტნეს ვარჯიში, ეს არ არის ადვილი.

ფიზიკური თუ მენტალური კუთხით რთული პერიოდი გავიარე. როცა არ შემეძლო ''გენტს'' დავხმარებოდი, გუნდის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი. რთულია როცა შენი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან უყურებ და შემდეგ სახლში ბრუნდები. საბედნიეროდ სიმარტოვე არ მიგრძვნია.

მთავარ მწვრთნელ იეს ტორუპთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდა. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით. ''გენტის'' თითოეული წევრი ჩემს გვერდით იდგა, მათ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დიდი სიხარული მომანიჭა იმ ფაქტმა, რომ ტრავმის დროს ''გენტმა'' ახალი კონტრაქტის გაფორმება შემომთავაზა. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა.

ზამთრის შესვენების შემდეგ არ ველოდები, რომ მაღალ დონეზე ვითამაშებ, თუმცა 1 ან 2 მატჩის შემდეგ მაღალ დონეზე უნდა ვითამაშო. ახლა მხოლოდ თამაშის რიტმი მაკლია, ჯერ თამაშის რიტმში ვერ ვჯდები.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები