Aa
Aa

უესტბრუკი ოკლაჰომა სითიში 34 ქულით დაბრუნდა - „თანდერმა" „ჰიუსტონი" დაამარცხა

რასელ უესტბრუკი ოკლაჰომა სითიში დაბრუნდა და „ჰიუსტონ როქეთსის“ მაისურით „ჩესაპიკ ენერჯი არენაზე“ პირველი შეხვედრა ჩაატარა.

„თანდერის“ გულშემატკივრები „ბროდის“ ფეხზე წამოუდგნენ, აპლოდისმენტებით შეეგებნენ და მის საპატივცემულოდ „M-V-P“-ის სკანდირებდნენ. „ოკლაჰომამ“ კი მატჩის დაწყებამდე 31 წლის გამთამაშებელს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა.

უესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად იასპარეზა, თუმცა „ჰიუსტონი“ მაინც უშანსოდ დამარცხდა. რასელმა აქტივში 34 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, მისმა გუნდმა კი შეხვედრა 113-92 დათმო.

„ოკლაჰომას“ წარმატება გუნდურმა კალათბურთმა განაპირობა. „თანდერის“ რიგებში მინიმუმ 15 ქულა ერთბაშად 5-მა მოთამაშემ დააგროვა, ხოლო საუკეთესო დანილო გალინარი გახლდათ, რომელმაც აქტივში 23 ქულა და 11 მოხსნა ჩაიწერა.

„როქეთსის“ დამარცხების შემდეგ, „ოქეისის“ 22 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. „ჰიუსტონს“ რაც შეეხება, მაიკ დენტონის გუნდი 25 გამარჯვებითა და 12 მარცხით ამავე კონფერენციის მეოთხე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები