Aa
Aa

„თოკომოტივი" ჩვეულ სტიქიაში - „ბასკონიამ" „ფენერბაჰჩე" ვერ გააჩერა

ევროლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ საკუთარ კედლებში პლეიოფის საგზურისთვის მებრძოლ „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და 65-79 დამარცხდა.

ვიტორიელებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მატჩის ბედი ფაქტობრივად სამ მეოთხედში გადაწყდა. ბოლო ათწუთეულს „ფენერი“ 17-ქულიანი ჰანდიკაპით შეხვდა და საფინალო სირენამდე უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია.

„ბასკონიას“ რიგებში მოწოდების სიმაღლეზე მხოლოდ ორი კალათბურთელი იყო. ბასკების ქართველი კაპიტანი, თორნიკე შენგელია თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ და შეხვედრა 21 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემით და 1 ჩაჭრით დაასრულა. თოკომ 8-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ პარკეტზე 37 წუთი გაატარა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 გახლდათ, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი იყო.

ქართველი მძიმე ფორვარდის გარდა, 18 ქულით იუსუფა ფოლი გამოირჩა. ნიკ სტაუსკასმა 9 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთი 4-ჯერ დაკარგა. მეთიუ ჯენინგი კი სამ ქულას დასჯერდა.

„ფენერთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „ბასკონიას“ ანგარიშზე 7 მოგება და 11 წაგებაა. ვიტორიელები სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზე იმყოფებიან და მომდევნო შეხვედრას სტუმრად, „ზენიტის“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები