Aa
Aa

"ბოლო კვირებში მათთან უფრო ბევრი ვილაპარაკე, ვიდრე - ცოლთან" - ზლატანი უკვე მილანშია

ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიის სერია A-ში დაბრუნდა და "მილანთან" კონტრაქტის კიდევ ერთხელ გაფორმების შემდეგ, მედიასთან კომენტარიც გააკეთა.

შვედი სუპერვარსკვლავი "შავ-წითელთა" რიგებში დაბრუნებით ბედნიერია და აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მიზანი რთულ მდგომარეობაში მყოფი "მილანის" დახმარებაა.

"კლუბში თავისუფალ ნომრებს შვილებთან ერთად განვიხილავდი, მათ ყველაზე უფრო 21-ნომრიანი მაისური მირჩიეს და მეც სწორედ ის ავიღე. 

სიმართლე გითხრათ, ბავშვობის შემდეგ დიდად არ შევცვლილვარ - ჯერ კიდევ ისეთივე მოტივაცია, შემართება და თვითრწმენა მაქვს. ჩემი მიზანი "მილანის" დახმარება და არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლაა.

ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე, ისინი მილოცავდნენ და ახლაც ყველა ბედნიერია. "მილანში" გატარებული პერიოდიდან მხოლოდ კარგი და პოზიტიური მოგონებები მაქვს. ეს დიდი კლუბი და დიდი გუნდია, "სან სიროზე" ყოფნა კი მართლაც შესანიშნავია.

მალდინისთან და ბობანთან ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში იმაზე მეტი ვილაპარაკე, ვიდრე - ჩემს ცოლთან. ტრანსფერი გაფორმებულია, ასე რომ, იმ საუბრებს დადებითი შედეგი მოჰყვა". - ამბობს "იბრა".

შვედი ფორვარდი "როსონერის" 6-თვიანი კონტრაქტით შეუერთდა, თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალება ექნება.

ზლატანი „მილანის“ მაისურით 2010-2012 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 2011 წელს, სერია A მოიგო. „შავ-წითლებს“ ამჟამად რთული პერიოდი უდგათ და იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები