ლიონელ მესის 20 გამოწვევა 2020 წელს
Aa
Aa

ლიონელ მესის 20 გამოწვევა 2020 წელს

კატალონიურმა გამოცემა Mundo Deportivo-მ ლიონელ მესის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც 2020 წელს "ლა პულგას" გამოწვევებზე წერს.

***

ლეო მესი კარგი ღვინოსავითააა. წლების მატებასთან ერთად ის უკეთესი ხდება. 32 წლის ასაკში "ლა პულგა" მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს.

1 - 500 მოგება კლუბთან ერთად

ლეოს "ბარსელონას" მაისურით 705 ოფიციალური შეხვედრიდან 498 აქვს მოგებული. მესის ანგარიშზე 618 გოლი და 240 შედეგიანი გადაცემაა.

2 - პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული 900 მატჩი

მესის 843 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. (705 ბარსელონაში, 138 - არგენტინის ნაკრებში)

3 - 700 გოლი პროფესიონალურ დონეზე

618 გოლი "ბარსელონაში", 70 - არგენტინის ნაკრებში. ლეოს ჯამში 688 გოლი აქვს გატანილი და 700-მდე დასამრგვალებლად 12-ღა სჭირდება.

4 - მეხუთე ჩემპიონთა ლიგა

2006, 2009, 2011 და 2015 წლებში ლეომ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მას "ბარსელონას" ისტორიაში შესასვლელად და ჩავისა და ინიესტას შედეგის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 1 ჩემპიონობა აკლია.

5 - მეთერთმეტე ლა ლიგა

მაისში მესიმ ლა ლიგა მეათედ დაისაკუთრა და ანდრეს ინიესტა უკან ჩამოიტოვა. ლეო პირველი "კულე" გახდა, რომელმაც ესპანეთის უმაღლესი ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო. თუ "ლა პულგამ" მიმდინარე სეზონშიც იმარჯვა იგი პაკო ხენტოს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება.

6 - 25 გოლი პელემდე

მესის შეუძლია ერთი კლუბის მაისურით გატანილი გოლების რაოდენობით პელეს გაუთანაბრდეს. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა "სანტოსის" რიგებში მეტოქის კარი 643-ჯერ აიღო. ამასთან ერთად "ლა პულგას" შანსი აქვს პელეს ნაკრებში გატანილი გოლებითაც გაუთანაბრდეს. 

7 - მოგებული ტიტულები

ლეომ "ბარსასთან" ერთად 34 ტიტული მოიგო და არგენტინის ნაკრებში ჯერჯერობით წარმატებისთვის არ მიუღწევია. მესი პირველ ადგილზე მყოფ დანი ალვეშს 5 ტიტულით ჩამორჩება.

8 - მეშვიდე პიჩიჩი

დღესდღეობით ლეო 13 გოლით ლა ლიგის ბომბარდირია. თუ სეზონის ბოლომდე არაფერი შეიცვალა, "ლა პულგა" ერთადერთი იქნება, რომელმაც პიჩიჩის ჯილდო 7-ჯერ დაისაკუთრა.

9 - მეშვიდე ოქროს ბუცი

მესი ერთადერთია, რომელიც ევროპული ლიგების საუკეთესო ბომბარდირი 6-ჯერ გახდა, მაგრამ თავისი რეკორდის გაუმჯობესებას აუცილებლად ეცდება.

10 - მეშვიდე ოქროს ბურთი

დეკემბერში "ლა პულგამ" კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო და ოქროს ბურთი მეექვსედ დაისაკუთრა. თუ გაისად არგენტინელმა პრესტიჟული ჯილდო ისევ მოიგო, ის მესამე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც ოქროს ბურთი მიიღო. სტენლი მეთიუზმა იგივე 41 წლის, ხოლო ლევ იაშინმა 34 წლის ასაკში გააკეთა.

11 - კოპა ამერიკის ტრიუმფით დასრულება

2016 და 2017 წლებში ფინალში განცდილი ფიასკო. 2014 წლის მუნდიალი... ლეო "ალბისელესტესთან" ერთად კვლავ ტიტულის ძიებაშია და 2020 წლის ზაფხულში კოპა ამერიკაზე კარგ შანსს მიიღებს.

12 - საჯარიმო დარტყმებიდან შესრულებული ჰეთ-თრიქი

მესიმ ერთ შეხვედრაში ორი ჯარიმა 3-ჯერ გაიტანა, თუმცა ჰეთ-თრიქი ჯერ არ შეუსრულებია.

13 - ბარსელონას რიგებში ჩატარებული მატჩების რეკორდი

გასულ სეზონში ლეომ ანდრეს ინიესტას აჯობა და ახლა მხოლოდ ჩავის ჩამორჩება.

14 - ჯარიმების რაოდენობა სეზონში

სეზონში მესის რვა ჯარიმაზე მეტი არასდროს გაუტანია. (საკლუბო დონე იგულისხმება)

15 - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი

გასულ სეზონში ლეო ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა. წლეულს კი მხოლოდ 2 გოლი აქვს გატანილი. თუ მან სასწაული მოახდინა და ლევანდოვსკის გადაასწრო, მაშინ კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდება.

16 - 600 მატჩი 10 ნომრიანი მაისურით

"ბლაუგრანას" 10 ნომრიანი მაისურით ლეომ 595-ჯერ იასპარეზა.

17 - კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

მესის ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუზე 14-ით ნაკლები გოლი აქვს შეგდებული. სხვაობა საკმაოდ დიდია, თუმცა გამორიცხული არაფერია.

18 - ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობა 

"ლა პულგამ" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე 140-ჯერ იასპარეზა. იგი "ბარსელონას" აბსოლუტურ რეკორდსმენს, ჩავის 11 მატჩით ჩამორჩება.

19 - გოლი ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში

თუ ლეო 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და გოლი შეაგდო, სამუელ ეტოოს მიღწევას გააუმჯობესებს. არგენტინელი "ბარსელონას" ერთადერთი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 3 ფინალში შეაგდო.

20 - ლამაზი გოლები

მართალია ლეო ამით შეპყრობილი არაა, მაგრამ მაკრატელები და კუთხურიდან გატანილი გოლები აკლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები