Aa
Aa

"მანჩესტერის" სატრანსფერო გეგმები - სანჩო და ორი ახალი სამიზნე

ერლინგ ბრაუტ ჰალანდის "დორტმუნდში" გადასვლის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ალტერნატიული ვარიანტების განხილვას შეუდგა. ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით "წითელმა ეშმაკებმა" თვალი "ევერტონის" თავდამსხმელს, დომინიკ კალვერტ-ლევინს დაადგეს.

22 წლის ცენტრფორვარდი მერსისაიდული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და "კანფეტების" სამომავლო გეგმებში მისი გასხვისება არ შედის, თუმცა The Sun-ის ცნობით "მანჩესტერი" დანებებას არ აპირებს და მზადაა კალვერტ-ლევინის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრი, დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

"ნისლიან ალბიონზე" იუწყებიან, რომ "იუნაიტედი" ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზეც ფიქრობს. "დორტმუნდი" 19 წლის ინგლისელის გასხვისების წინააღმდეგი არაა, თუმცა მის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტის მიღება სურს. თანაც "მანჩესტერთან" ერთად სანჩოს საკუთარ რიგებში ხილვით "ჩელსიც" დაინტერესებულია.

Sky Sports-ის მიხედვით, ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების გარდა, "წითელი ეშმაკები" "ბენფიკას" პერსპექტიულ ახალგაზრდას, ჟედსონ ფერნანდეშსაც აკვირდებიან. ამ უკანასკნელს "არწივების" ბოლო შვიდ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და "ნისლიან ალბიონზე" თვლიან, რომ ეს ფაქტი "მანჩესტერს" მიზნის მიღწევას გაუადვილებს. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ფერნანდეშის გამოსასყიდი თანხა 102 მილიონი ფუნტია, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლები იჯარის გასაჩარხად აქტიურად მუშაობენ, რომლის დასრულების შემდეგაც, მსურველ კლუბს მისი შეძენა 34 მილიონ ფუნტად შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები