რატომ თქვა
Aa
Aa

რატომ თქვა "მანჩესტერმა" ჰალანდის ტრანსფერზე უარი?

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ერლინგ ბრაუტ ჰალანდის შეძენაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ნორვეგიელი ფეხბურთელის წარმომადგენლების მიერ წაყენებულ მოთხოვნებს გაეცნო.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით მთავარი პრობლემა გახლდათ ის, რომ ჰალანდის შესაძლო გასხვისების შემთხვევაში "მანჩესტერს" მიღებული თანხის ნაწილი ახალგაზრდა თავდამსხმელის აგენტისთვის, მინო რაიოლასთვის და ფეხბურთელის მამისთვის, ალფ ინგესთვის უნდა დაეთმო. გარდა ამისა, ნორვეგიელი ცენტრფორვარდის წარმომადგენლები კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის დაფიქსირებასაც ითხოვდნენ, რომელიც მოლაპარაკებების ერთ-ერთ ეტაპზე 50 მილიონი ევრო გახლდათ.

The Sun-ის ცნობით, ედ ვუდვორდი მიღებული წინადადებებით გაწბილებული დარჩა და კლუბის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების დაუყონებლივ შეწყვეტა მოსთხოვა.

"ნისლიან ალბიონზე" იუწყებიან, რომ მინო რაიოლამ ჰალანდს გერმანიაში წასვლა ურჩია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა და მისმა მამამ მიიღეს.

როგორც მოგეხსენებათ 19 წლის თავდამსხმელმა კარიერა "დორტმუნდში" გააგრძელა და "შავ-ყვითლებს" თავისი მომავალი 2024 წლამდე დაუკავშირა. ნორვეგიელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 22 გოლი აქვს შეგდებული, მისი ტრანსფერი კი "დორტმუნდს" სულ რაღაც 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები