Aa
Aa

"შემიძლია, ცხოვრებას დავუბრუნდე" - სკიავონემ სიმსივნე დაამარცხა

ცნობილმა იტალიელმა ჩოგბურთელმა, ფრანჩესკა სკიავონემ 8-თვიანი ბრძოლის შემდეგ სიმსივნე დაამარცხა. 39 წლის აპენინელმა ამის შესახებ სოციალური ქსელების მეშვეობით გამოაცხადა და სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

„მოგესალმებით! 7-8 თვის განმავლობაში სოციალურ ქსელებში არ ვჩანდი და მინდა, მოგიყვეთ, ჩემს ცხოვრებაში რა მოხდა. სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს და ქიმიოთერაპიის კურსის გავლა დამჭირდა, თუმცა ეს რთული ბრძოლა მოვიგე და ახლა უკვე შემიძლია, ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდე.

სრულ მზადყოფნაში ვარ იმისთვის, რომ დასახულ გეგმებს მივხედო და საქმეში მთელი გული ჩავდო. საკუთარი თავის გამო ბედნიერი ვარ და ერთმანეთს მალე შევხვდებით“.

სკიავონეს სიმსივნის ტიპი არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც უკვე მოვისმინეთ, იგი სრულად გამოჯანმრთელდა.

ვეტერან ჩოგბურთელს WTA-ს კარიერაში 8 ტიტული აქვს მოგებული, მათგან ერთ-ერთი კი 2010 წლის „როლან გაროსია“, რომლის ფინალშიც ავსტრალიელ სემ სტოსურს მოუგო. იგი შემდეგ სეზონში ტიტულის დაცვასთან ახლოს იყო, თუმცა ფინალური მატჩი ჩინელ ლი ნასთან დათმო.

სკიავონემ, რომელიც 2011 წელს მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო, აქტიური კარიერა გასული წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები