Aa
Aa

ასაკი სტატისტიკაზე აისახა? - რონალდუს შედეგიანობა 2013 წლიდან ყოველწლიურად იკლებს

გატანილი გოლების მაჩვენებლით, კრიშტიანუ რონალდუს კარიერის ბოლო 10 სეზონში 2019 წელი ყველაზე დაბალშედეგიანი გამოდგა. საგულისხმოა ისიც, რომ 2013 წლიდან მოყოლებული მისი შედეგიანობა ყოველწლიურად იკლებს.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 2019 წელს 39 გოლის გატანა შეძლო - 25-ჯერ თავი „იუვენტუსის“ მაისურით გამოიჩინა, 14-ჯერ კი ეროვნული ნაკრებისთვის შეაგდო. მას წლის ბომბარდირთა დავაში ერთბაშად ხუთმა ფეხბურთელმა აჯობა. რობერტ ლევანდოვსკიმ - 54,ლიონელ მესიმ - 50, კილიან მბაპემ - 44, რაჰიმ სტერლინგმა - 41, ხოლო ერან ზაჰავიმ 40 გოლი გაიტანა.

რონალდუმ 2013 წელს მეტოქეთა კარი 69-ჯერ აიღო, რის შემდეგაც მისი შედეგიანობა უწყვეტად მცირდება. 34 წლის შემტევმა გასულ წელს 49 გოლი მიითვალა, წელს კი მაჩვენებელი მკვეთრად, ერთბაშად 10 ბურთით დააგდო.

აქვე აღვნიშნოთ, რომ რონალდუმ ფინალური მატჩი 2013 წლის შემდეგ წელს პირველად წააგო, როცა მისი გუნდი რომის „ლაციოსთან“ იტალიის სუპერთასზე დამარცხდა. „იუვეს“ ლიდერს საკლუბო და სანაკრებო დონეზე ზედიზედ 12 ფინალი ჰქონდა მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები