120 მილიონი სანჩოს ტრანსფერში! - ლამპარდის მიზანი თითქმის მიღწეულია
Aa
Aa

120 მილიონი სანჩოს ტრანსფერში! - ლამპარდის მიზანი თითქმის მიღწეულია

ბრიტანული მედიის ცნობით ლონდონის ''ჩელსი'' 120-მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებასთან ახლოსაა. როგორც Sun-ი იუწყება, ''არისტოკრატები'' 19 წლის ტალანტის, ჯეიდონ სანჩოს გადაბირებას იანვარში გეგმავენ, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

თუ ''ჩელსისა'' და ''დორტმუნდს'' შორის შეთანხმება შედგება, ''არისტოკრატების'' ისტორიაში აღნიშნული სატრანსფერო თანხა სარეკორდო იქნება. ლონდონელები ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტში 120 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიან, რაც 141 მილიონ ევროსა და 156 მილიონ დოლარს უტოლდება.

მას შემდეგ რაც ''ჩელსის'' სატრანსფერო დისკვალიფიკაცია მოუხსნეს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი ახალი ფეხბურთელების შეძენას ზამთარში გეგმავს. ლამპარდის მთავარი სამიზნე სწორედ ჯეიდონ სანჩოა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების შემტევი ''უოტფორდის'' საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, 2015-17 წლებში კი ''მანჩესტერ სიტიში'' ირიცხებოდა, თუმცა პირველ გუნდში არ უთამაშია.

2017 წელს სანჩომ სამშობლო დატოვა და კარიერა გერმანულ ''დორტმუნდს'' დაუკავშირა, სადაც არაერთი წარმატებული მატჩი ჩაატარა და მსოფლიოს უძლიერესი კლუბების ყურადღება დაიმსახურა. 

ბუნდესლიგაში წარმატებული თამაშის შემდეგ 2018 წელს სანჩო ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს. საერთო ჯამში ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან დუბლი შეასრულა.

მიმდინარე სეზონში სანჩომ ბუნდესლიგის 15 თამაშში 9 გოლი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც 19 წლის ფეხბურთელისთვის ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. გარდა ამისა ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები