Aa
Aa

ზიდანმა და რამოსმა "კლასიკოს" ახალი რეკორდები დაამყარეს

„ბარსელონა“-„რეალის“ გუშინდელი დაპირისპირებით, „კლასიკოს“ყველა დროის ორი რეკორდი დამყარდა, რომელთა შემოქმედებიც ზინედინ ზიდანი და სერხიო რამოსი არიან.

ფრანგი სპეციალისტის გუნდმა სტუმრად „ბარსელონასთან“ ნულოვანი ფრე ითამაშა, რითაც ზიდანი „სამეფო კლუბის“ ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც „ნოუ კამპზე“ ზედიზედ 5 მატჩში არ წააგო. მისმა ფორმაციის „რეალმა“ ხუთიდან 3 შემთხვევაში ფრეს მიაღწია, 2-ჯერ კი საერთოდ გაიმარჯვა.

ზიდანი „ბლანკოსს“ „ნოუ კამპზე“ პირველად 2016 წლის აპრილში უხელმძღვანელა, როცა მისმა ბიჭებმა მეტოქეს ბენზემასა და რონალდუს გოლებით, 2:1 მოუგეს.

გუშინდელის შემდეგ მადრიდელთა კაპიტან სერხიო რამოსს ყველაზე მეტ „კლასიკოში“ აქვს ნათამაშები. 33 წლის მცველი „რეალის“ მაისურით „ბარსას“ წინააღმდეგ მოედანზე 43-ედ გავიდა, რაც ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის სარეკორდო შედეგია.

რამოსმა მანუელ სანჩისის, ფრანსისკო ხენტოსა და ჩავის მაჩვენებელი გააუმჯობესა, რომელსაც, თავის მხრივ, ლიონელ მესი გაუთანაბრდა. „ბარსას“ 32 წლის კაპიტანს უკვე 42 „კლასიკოში“ აქვს მონაწილეობა მიღებული და 26 გოლით, მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

რამოსმა „კლასიკოში“ პირველად 2005 წლის ნოემბერში ითამაშა, მას შემდეგ კი ამ გუნდებს შორის გამართული არც ერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია. მის ანგარიშზე „ბარსას“ კარში გატანილი 4 გოლია.

„ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის ნულოვანი ფრე 2002 წლის შემდეგ, 50 მატჩში არ იყო დაფიქსირებული. ისინი ლა ლიგას 36-36 ქულით ლიდერობენ, კატალონიელები უქმეებზე „ალავესს“ უმასპინძლებენ, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტუმარი კი „ბილბაო“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები