Aa
Aa

"ლივერპული" ფინალშია - კლოპის გუნდმა "მონტერეის" რთულად მოუგო

„ლივერპულმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მექსიკურ „მონტერეის“ ფირმინოს მიერ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოუგო.

შეხვედრაში ანგარიში ნაბი კეიტამ მე-12 წუთზე გახსნა, რასაც მექსიკელებმა ორ წუთში ფუნესის გოლით უპასუხეს. თამაში დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და კლოპის გუნდს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ "ლივერის" საიტმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ალისონ ბეკერი დაასახელა.

საბოლოოდ, ყველაფერი ძირითადი დროის დამატებულ წუთებზე გადაწყდა, როცა „წითლებს“ ფინალის საგზური შეცვლაზე შესული რობერტო ფირმინოს გოლმა მოუტანა.

მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ დამატებითი დროის ცოტა ეშინოდა, ამიტომ ფირმინოს გოლმა განსაკუთრებულად გაახარა.

„ყატარში გამარჯვებისთვის ვართ და არა იმისთვის, რომ ჩვენი საუკეთესოობა დავამტკიცოთ.

სიმართლე გითხრათ, დამატებითი დროის ცოტა მეშინოდა, ამიტომ ბობის გოლმა განსაკუთრებულად გამახარა. რა თქმა უნდა, ასეთ გოლს ვერ დაგეგმავ, მომ კარგად ითამაშა, შემდეგ ტრენტმა სახიფათოდ ჩააწოდა და ყველაფერი ბობის დარტყმით დაგვირგვინდა, ეს ნამდვილად სუპერ, სუპერ გოლი იყო.

რაც შეეხება „ფლამენგოს“, მას ჟორჟე ჟესუშის სახით გამოცდილი და წარმატებული მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც ზურგს მრავალწლიანი ევროპული გამოცდილება უმაგრებს. მან გუნდის თამაშს სწორედ ევროპული შტრიხები შემატა. ჩვენ მათ მიმართ დიდი პატივისცემა გვაქვს, მოედანზე კი ბოლომდე დავიხარჯებით და ვნახოთ, რა გამოვა“.

მერსისაიდელები სატიტულო შეხვედრაში „ფლამენგოს“ 21 დეკემბერს დაუპირისპირდებიან. ბრაზილიელებმა ნახევარფინალში საუდის არაბეთის წარმომადგენელ „ალ ჰილალს“ 3:1 მოუგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები