Aa
Aa

"ლივერპულმა" მინამინოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა!

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბმა "ზალცბურგის" შემტევ ტაკუმი მინამინოს ტრანსფერზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. აზიელი ფეხბურთელი "ენფილდზე" იანვრიდან ითამაშებს.

24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახალმა კლუბმა მედიას დღეს წარუდგინა, "წითლების" ვებგვერდთან პირველი კომენტარიც გააკეთა და ტრანსფერი ახდენილ ოცნებასთან გააიგივა.

"ლივერპულში" გადასვლა ოცნება იყო, რომელიც უკვე ამიხდა და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ. პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ერთ-ერთი მიზანი გახლდათ, ვფიქრობ, ეს ჩემპიონატი მსოფლიოში საუკეთესოა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ თუკი სათანადოდ განვვითარდებოდი, პრემიერ ლიგაში თამაშს შევძლებდი.

თუმცა, სიმართლე გითხრათ, მაინც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ "ლივერპულის" რიგებს შევუერთდებოდი. ამ გუნდის ნაწილად ყოფნა ძალიან მაბედნიერებს, ჩემი მიზანი პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა". - ამბობს მერსისაიდელთა ახალწვეული.

Skysports-ის ინფორმაციით, "ლივერი" ტრანსფერის სანაცვლოდ 7.25 მილიონ ფუნტს გადაიხდიან, ფეხბურთელთან კონტრაქტის კონკრეტული დეტალები კი ჯერჯერობით არ გახმაურებულა.

მინამინო "ზალცბურგის" შემადგენლობაში 2015 წლიდან თამაშობდა და ავსტრიელთა მაისურით ჩატარებულ 199 მატჩში 64 გოლი გაიტანა. ფეხბურთელი ასევე 2015 წლიდან იაპონიის ნაკრების წევრია - 22 მატჩი, 11 გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები