Aa
Aa

"მესი ყოველთვის მიყვარდა", "უშეცდომო მხოლოდ ღმერთია" - ნეიმარის ინტერვიუ France Football-თან

"ნამდვილ ნეიმარს არ იცნობთ", "მესი ყოველთვის მიყვარდა" - ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა გამოცემა France Football-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ნახსენებ ორ და კიდევ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

27 წლის შემტევმა პსჟ-ს მთავარ მიზნებზეც გააკეთა კომენტარი, კილიან მბაპეს კი განსაკუთრებული ტალანტი უწოდა. გთავაზობთ ინტერვიუს რამდენიმე მონაკვეთს:

"ჩემი პრიორიტეტი პსჟ და მისი მიზნებია, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას პირველ პლანზე ვაყენებთ, შემდეგი მიზანი კი თითოეულ მატჩში გამარჯვების მოპოვებაა. ყოველ მომდევნო თამაშში უნდა მოვუმატოთ და ვნახოთ, ეს გზა სადამდე მიგვიყვანს.

შეცდომები ყველა ადამიანს აქვს, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. გუნდის ლიდერი კი არის პიროვნება, რომელიც თავისიანებს გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე უნდა გაუძღვეს. ასეთი შეიძლება კაპიტანი იყოს ან სხვა ფეხბურთელი, რომელსაც გოლები გააქვს. ლიდერობის სტილი ყველას განსხვავებული აქვს და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

არასდროს მითამაშია იმისთვის, რომ პირველი ნომერი გავმხდარიყავი, ყოველთვის იმიტომ ვთამაშობდი, რომ ფეხბურთი მიყვარს და მოედანზე ყოფნა ბედნიერებას მანიჭებს. ყოველთვის როცა მინდორზე შევდივარ, 100%-ით ვიხარჯები.

მესი ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება, მბაპე კი განსაკუთრებული ტალანტია. სიმართლე ისაა, რომ თქვენ ნამდვილ ნეიმარს არ იცნობთ, მას ძალიან ცოტა ადამიანი იცნობს - მხოლოდ მშობლები და მეგობრები. როგორსაც ხალხი მხედავს, ის რეალურისგან საკმაოდ განსხვავებულია, თუმცა ისინი მეტს ვერ დაინახავენ. ნამდვილი ნეიმარი მშვიდი და ძალიან ბედნიერია. მე ვარ ადამიანი, ვისაც ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს. მომწონს საკუთარი თავით ვისიამოვნო და ცხოვრების თითოეული წუთით დავტკბე". 

ნიონში გამართულმა დღეს გამართულმა კენჭისყრამ ნეიმარსა და მის პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მეტოქედ "დორტმუნდი" არგუნა. ასე რომ, მთავარი მიზნისთვის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი სწორედ გერმანული გრანდით იწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები