Aa
Aa

"ჩაწყობა TOP 50-ის მოთამაშეებშიც ხდება" - სომხური მაფიის ქსელი და ახალი საჩოგბურთო სკანდალი

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის - ZDF-ის ეთერში, ახალი საჩოგბურთო სკანდალის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდება.

როგორც რეპორტაჟში ითქვა, მსოფლიოს მასშტაბით 135 ეჭვმიტანილი მოთამაშეა, რომელთაც წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი მამაკაცთა რეიტინგის საუკეთესო 30-ეულის წევრია, რომლის ანგარიშზეც ATP-ის 3 ტიტულია.

ამჟამინდელ TOP 30-ში 5 ისეთი ჩოგბურთელია, რომლის აქტივშიც 3 მოგებული ტურნირია, ერთ-ერთი ასეთი კი ნიკა ბასილაშვილი გახლავთ. ქართველის გარდა, დანარჩენი მოთამაშეები ალექს დე მინაური, დიეგო შვარცმანი, მატეო ბერეტინი და ბენუა პერი არიან. 

ZDF-ის ინფორმაციით, ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ბელგიურ საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობს და როგორც გერმანული გამოცემა გვამცნობს, უახლოეს პერიოდში გამოძიება ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და აშშ-ს მასშტაბით აქტიურად დაიწყება.

"ეს საქმე სომხურ მაფიის ქსელს ეხება, რომელიც ევროპის 7 ქვეყნის მასშტაბით დიდი ოდენობის თანხებით ფსონების განთავსებასა და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი. ეს ქსელი სტრუქტურულად ძალიან კარგადაა გამართული, ტოტალიზატორებში ანგარიშებს აკონტროლებენ, იქ თანხას რიცხავენ და ჩოგბურთელებთან კონტაქტს ამყარებენ". - აცხადებს ბელგიის გენერალური პროკურორი, ერიკ ბიშოპი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და უფრო დაწვრილებითი ცნობები, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გასაჯაროვდება. 

აღნიშნული სკანდალური სქემა სპორტში თამაშების ჩაწყობასა და მილიარდობით ევროს ბრუნვას მოიცავს. 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ჩაწყობილი თამაშებით თაღლითურად გამომუშავებული თანხები 1.6 ტრილიონ ევროს უტოლდებოდა. სქემებსა და თანხებს კონკრეტული ადამიანები, დაჯგუფებები და კრიმინალური სინდიკატები აკონტროლებენ.

2015 წელს, არგენტინელმა ჩოგბურთელმა - მარკო ტრუნხელიტიმ გამოძიებასთან ითანამშრომლა. როგორც გაირკვა, ჩოგბურთელებს ATP-ის დაბალი რანგის: 50 და 100 ათასიან ტურნირებზე მატჩების ჩაწყობის სანაცვლოდ, რამდენიმე ათას დოლარს სთავაზობდნენ.

არგენტინელმა მოთამაშემ მაშინ საგულისხმო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ჩაწყობა მხოლოდ დაბალი რანგის ტურნირებზე არ ხდება: "ამ ყველაფერში პროფესიონალებიც გარეული არიან. TOP 50-ში მოიძებნებიან ისეთები, ვინც მატჩს მისთვის სასურველი შედეგით ხელოვნურად ასრულებს. დიდი სიცრუეა, თითქოს ჩაწყობა მხოლოდ დაბალ დონეზე ხდება". 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჩოგბურთის ანტი-კორუფციის ორგანიზაციამ (TIU) 20-ზე მეტი ჩოგბურთელი, რომელთა შორისაც ქალებიც და მამაკაცებიც არიან, დისკვალიფიკაციით დასაჯა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები