Aa
Aa

"ეს ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია" - გუარდიოლამ დე ბრუინი არაადამიანად შერაცხა

ლონდონის არსენალთან ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ პეპ გუარდიოლამ კევინ დე ბრუინი შეაქო და მას ნახევრად ხუმრობით არაადამიანი უწოდა.

„კევინმა საოცარი ორი გოლი და საგოლე პასი მიითვალა. იგი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია და შეუძლებელია, მისი ხარისხიანი თამაში ყურადღების მიღმა დაგრჩეს. მისნაირად პასების დარიგება და გადაადგილებების აღქმა, ნორმალურ ადამიანს არ შეუძლია, კევინს განსაკუთრებული ხედვა და პასები აქვს.

განსხვავებულ პოზიციებზე თამაში შეუძლია, თუმცა, რა თქმა უნდა, სჯობს, ისეთ ადგილას დააყენო, რომელზეც შეტევაზე უფრო მეტს იფიქრებს, ვიდრე - დაცვაზე.

მას ყოველთვის ვეუბნები - „შენ უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანო“ და დღეს ორი ბრწყინვალე გოლი შეაგდო, რაჰიმ სტერლინგს კი საგოლე გადაცემა გაუკეთა“.

ბელგიელმა გამთამაშებელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი 10-ჯერ გაატანინა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ „სიტიში“ დებიუტის შემდეგ დე ბრუინმა გოლს+პასი 11 სხვადასხვა თამაშში მიითვალა, ეს კი ამ პერიოდში ნახევარმცველებს შორის მის გარდა არავის გაუკეთებია.

„სიტი“ კვლავ სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ - 14-ით, მეორეადგილოსან „ლესტერს“ კი 4 ქულით ჩამორჩება. „ქალაქელები“ მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს, სწორედ ლესტერშირელებს ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები