ბოლო შანსი დიდ გუნდში მოსახვედრად: მაკარიძე ერთ-ერთი საუკეთესოა!
Aa
Aa

ბოლო შანსი დიდ გუნდში მოსახვედრად: მაკარიძე ერთ-ერთი საუკეთესოა!

პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი მაკარიძემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ''სეტუბალმა'' შინ ''ავეში'' 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის მაკარიძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ქართველმა მეკარემ 5 სეივი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ 52-ე წუთზე მაკარიძემ პენალტი მოიგერია, მან მერდად მოჰამადის დარტყმა მოიგერია.

მიმდინარე სეზონში 29 წლის გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და 8 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.  ამ მაჩვენებლით ქართველი კარის დარაჯი მხოლოდ ''ბენფიკას'' ბერძენ მეკარეს, ოდისეას ვლახოდიმოსს ჩამორჩება, რომელმაც 14-დან 10 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, ხოლო ''პორტუს'' მეკარემ ავგუსტინ მარჩეზინიმ მაკარიძის მსგავსად 8 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად, თუმცა მას ამ შედეგის დაფიქსირებისთვის მხოლოდ 12 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

ზოგადი სურათის მიხედვით მაკარიძე პორტუგალიის საუკეთესო მეკარეების სამეულშია და პორტუგალიური გრანდებისთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, რაზეც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად ქართველის გადაბირებით ლისაბონის ''სპორტინგია'' დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მაკარიძემ CrystalSport-თან ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა: ''მინდა ''სეტუბალში'' კიდევ ერთი სეზონი გავატარო. ეს ბოლო შანსია, რომ კარიერა უმაღლესი დონის კლუბში გავაგრძელო. იმედი მაქვს შევძლებ. ვნახოთ, ჩემი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებ, დანარჩენი ღვთის ნებაა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები