სუმოს ქართველი ვარსკვლავის რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა
Aa
Aa

სუმოს ქართველი ვარსკვლავის რთული და დაბრკოლებებით სავსე გზა

იაპონური გამოცემა JapanToday ლევან გორგაძის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ქართველი სეკიტორის მიერ გავლილ გზაზე საუბრობს.

***

სუმოს ჩემპიონმა დოჰიოდან ტანი მძიმედ აითრია, მის ოფლიან ზურგს ქვიშა და თიხა ფარავს, მის თვალებში კი ბრაზი იკითხება. ის საკუთარ თავს მარცხს უბრალოდ ვერ პატიობს.

178-კილოგრამიანი სხეული და თეთრი მავაში ამ სპორტში ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა მისი ლურჯი ფერის თვალები და დასავლური იერი საქართველოში დაბადებულ ლევან გორგაძეს ტრადიციულ იაპონურ სპორტში მოღვაწე მებრძოლებისგან ნამდვილად გამოარჩევს.

2006 წელს თინეიჯერმა გორგაძემ საქართველოში ერთ-ერთ უძველეს ქალაქ მცხეთასთან მდებარე მთაგორიანი სოფელი დატოვა და თვალწარმტაც ტოკიოში წავიდა. ქალაქში, რომელშიც 10-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე მის სამშობლოში.

ლევანმა სუმოში ადგილის დასამკვიდრებლად ძალიან რთული გზა გაიარა. წარმატებისკენ მიმავალმა გორგაძემ ბევრი დაბრკოლება დაძლია - ნოსტალგია... ტრავმები... ერთხელ გოლფის ჯოხითაც სცემეს... მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია უცხოელისთვის იაპონიის ნაციონალურ სპორტში ფეხის მოკიდება. არაიაპონელებს წარმატების მისაღწევად სუმოში არსებულ კონსერვატიზმთან და ურთულეს ყოველდღიურ რუტინასთან უწევთ გამკლავება. თანაც ბოლო წლებში სუმოს ირგვლივ რამდენიმე სკანდალი აგორდა - არალეგალური ფსონები, კავშირი ორგანიზებულ კრიმინალთან, ბულინგი და ასე შემდეგ.

დედაჩემი წინააღმდეგი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მივიღე“ - აცხადებს გორგაძე AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ლევანმა მალევე გაანალიზა, რომ სუმოტორის ცხოვრება სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. მებრძოლები ტოკიოს ერთ-ერთ უბანში, რიოგოკუში მდებარე სკოლებში მოღვაწეობენ. ისინი მათზე მაღლა მდგომი პირების ყოველდღიურ დავალებებს ასრულებენ და პარალელურად დილაობით უმძიმეს ვარჯიშებში მონაწილეობენ. ერთადერთი, რაც სკოლაში მყოფ სუმოტორს არ აკლია - საკვებია. მებრძოლები ჩანკონაბეს - მაღალკალორიულ წვნიანს, რომელიც წონის მომატებაში ეხმარებათ, უზარმაზარი პორციებით მიირთმევენ.

სუმოს სკოლა ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, სადაც იაპონური ცხოვრების ტრადიციული სტილი ჯერ კიდევ შემორჩენილია. აქ პირადი სივრცე არ არსებობს და დამწყები მებრძოლები ჯგუფურად ჭამენ, სძინავთ და ვარჯიშობენ.

ლევანის შემთხვევაში ყველაფერი ოდნავ სხვანაირად იყო: „თავდაპირველად დამწუხრებული და ყველასგან იზოლირებული ვიყავი. კიმონოს ტარების ვალდებულება და უმკაცრესი წესები მაღიზიანებდა. იაპონურად ვერ ვლაპარაკობდი... მობილური ტელეფონიც კი არ მქონდა სახლში რომ დამერეკა“.

უცხო გარემოსა და პრობლემების მიუხედავად, გორგაძემ არჩეულ გზას არ გადაუხვია და ოძეკი გახდა. იაპონური პუბლიკა მას ტოჩინოშინის სახელით იცნობს. ქართველი ფალავანი აცხადებს, რომ მან იაპონიაში ბევრი რამ ისწავლა და დასძენს, რომ აუცილებელია კოლეგა მებრძოლებზე იზრუნო, რადგან მათთან ერთად ცხოვრობ.

ტოჩინოშინის შთაგონების წყარო თანამემამულე კოკაი გახლავთ. ამ უკანასკნელმა 2005 წელს, 24 წლის ასაკში სუმოს სამყარო შოკში ჩააგდო და მონღოლი იოკოძუნა, ასაშორიუ დაამარცხა. ამ ბრძოლამ გორგაძეზე დიდი გავლენა მოახდინა.

ძიუდოს ყოფილმა მოჭიდავემ, სუმოს ალღო მარტივად აუღო და თავდაპირველად ნიჰონის უნივერსიტეტის საკმაოდ პრესტიჟულ კლუბში ვარჯიშობდა. ოძეკობისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. 2011 წელს, ლევანი ერთ-ერთი მებრძოლი იყო იმ სამიდან, რომელიც საჯაროდ კიმონოს გარეშე გამოჩნდა, რის გამოც გოლფის ჯოხით სცემეს. გარდა ამისა, მას ტრავმიანობა დასჩემდა და იძულებული გახდა რამდენიმე ტურნირი გამოეტოვებინა, რამაც მისი დაქვეითება განაპირობა. ბოლო ბაშოზე რაც მოხდა ალბათ თქვენც კარგად გახსოვთ...

როცა ტოჩინოშინი ტოკიოშია ზოგჯერ ქართული ხალხური სიმღერით ტკბება ან ტრადიციულ ქართულ კერძებს, ხაჭაპურსა და საცივს მიირთმევს.

საქართველოში მას გმირივით ეპყრობიან, რაზეც იმ ადამიანთა რაოდენობაც მეტყველებს, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებულ ტოჩინოშინს თბილისის აეროპორტში დახვდნენ.

ძეგვის მკვიდრი ნინო სურამელაშვილი აცხადებს: „ლევანის შესახებ ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ის ბავშვობიდანვე კარგი ადამიანი იყო და წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბდა, რომელსაც მთელი სოფელი აღმერთებს“.

ლევანის დედამ, ქალბატონმა ნუნუმ პოზიცია შეიცვალა და შვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგი აღარაა.

„ძალიან ვამაყობ და ძალიან ბედნიერი ვარ ჩემმა შვილმა ასეთ წარმატებას რომ მიაღწია. სუმოს სამყაროში ის კაშკაშა ვარსკვლავია და გარდა ამისა ღირსეული ადამიანია“.

გორგაძეს წარმოდგენა არ აქვს მომავალი რას უმზადებს. მას იაპონიის მოქალაქეობის მიღება და სუმოს სკოლის გახსნა სურს. ლევანს უნდა სუმოთი რაც შეიძლება მეტი ქართველი დაკავდეს.

ცხელი ამბები