ლუკა დონჩიჩის მორიგი სამმაგი და მორიგი რეკორდი
Aa
Aa

ლუკა დონჩიჩის მორიგი სამმაგი და მორიგი რეკორდი

„დალას მავერიქსის“ ვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა მორიგი რეკორდი დაამყარა. 20 წლის სლოვენიელმა ისტორიული შედეგი „დეტროიტის“ წინააღმდეგ მეხიკო სიტიში გამართულ შეხვედრაში დააფიქსირა.

„პისტონსთან“ მატჩში ლუკამ აქტივში 41 ქულა, 12 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. დონჩიჩი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 21 წლის ასაკის მიღწევამდე ერთზე მეტი 40-ქულიანი სამმაგი დუბლი გაიფორმა.

დონჩიჩის ბრწყინვალე ასპარეზობის წყალობით „დალასმა“ „დეტროიტი“ მარტივად - 122-111 დაამარცხა. სლოვენიელი მოთამაშის გარდა, „მავერიქსის“ რიგებში 30 ქულით სეთ კარი გამოირჩა, ხოლო კრისტაპს პორზინგისმა თავი 20 ქულას მოუყარა.

„დეტროიტის“ რიგებში საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო, რომელიც 23 ქულასა და 15 მოხსნას დასჯერდა. დერიკ როუზმა გუნდს 19 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა, ხოლო მარკიფ მორისმა 16 წუთში ამდენივე ქულა ჩააგდო.

„პისტონსის“ დამარცხების შემდეგ „დალასის“ ანგარიშზე 17 მოგება და 7 წაგებაა. „მავსი“ დასავლეთ კონფერენციის მესამე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას კარგ ფორმაში მყოფი „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები