პროფესიონალურ სუმოში მოხვედრა მარტივი არაა - ქართველი მებრძოლის უცნობი ისტორია
Aa
Aa

პროფესიონალურ სუმოში მოხვედრა მარტივი არაა - ქართველი მებრძოლის უცნობი ისტორია

იაპონური გამოცემა Japantimes-ი სუმოს შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს თუ რამდენად რთულია უცხოელისთვის იაპონიის ეროვნულ სპორტში მოხვედრა. Japantimes-ს მაგალითად ქართველი მებრძოლი, ზაზა ბალაშვილი მოყავს.

***

იაპონელი ახალგაზრდებისთვის სუმოში პირველი ნაბიჯების გადადგმა ისეთივე მარტივია, როგორც ელექტრონული ფოსტით წერილის გაგზავნა ან ტელეფონზე საუბარი.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით სუმო ალბათ ერთადერთი სპორტია, რომელშიც თითქმის ყველას შეუძლია უმაღლესი დონის პროფესიონალად შესაფერისი გამოცდილებისა და ცოდნის გარეშე ჩამოყალიბდეს. ეს ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ თუ რატომ ჩაფლავდა სუმოში უამრავი ახალგაზრდა.

ვარსკვლავური სტატუსის მქონე სუმოტორობა ძალიან მიმზიდველია და დიდებისა და ცნობადობის ძიებაში სუმოისტის კარიერას ბევრი იწყებს, მაგრამ მალევე ისინი მწარე რეალობას უსწორებენ თვალს და შოკირებულები რჩებიან.

იაპონიის ნაციონალური სპორტი ურთულესი და ხშირ შემთხვევაში ბრუტალურია. ისინი, ვინც სუმოში „ბრმად“ მიდიან კარიერას არა წლების, არამედ რამდენიმე თვის ან კვირის შემდეგ ასრულებენ.

მიუხედავად ამისა, იაპონიის სუმოს ასოციაცია კარს ყველასთვის ღიას ტოვებს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ სჯერა, რომ უცნობ რიკიშის სასწაულის მოხდენა და სენსაციის გამოცხობა შეუძლია. უმთავრესად კი იმიტომ, რომ სპორტს მებრძოლები სჭირდება, რომლებიც ანაზღაურების გარეშე დაბალ დივიზიონებში იასპარეზებენ.

უცხოელებისთვის, რომლებსაც იაპონურ სუმოში მოხვედრა სურთ ყველაფერი ძალიან რთულადაა.

თუ უცხოელ ახალგაზრდას სუმოში მოღვაწე პიროვნებასთან მანამდე დაწყებული ურთიერთობა არ აკავშირებს, ან იაპონიის მიღმა გამართულ ტურნირებში უდიდეს წარმატებას არ მიაღწია, პრაქტიკულად გამორიცხულია რომელიმე სკოლამ მას თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. თუ ახალგაზრდა უცხოელი ხსენებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, წარმატება გარანტირებული მაინც არ აქვს.

სტატიის ავტორი უცხოელი სუმოტორების გადაბირებაზე მუშაობდა და დროს იმ მებრძოლების გვერდით ატარებდა, რომლებიც სკოლაში მოხვედრას ცდილობდნენ. ზაზა ბალაშვილი სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთნება.

ქართველმა, რომელიც მაშინ 21 წლის იყო, 2012 წლის ზაფხულის უდიდესი ნაწილი იაპონიაში გაატარა. ის პროფესიონალურ და სამოყვარულო სკოლებში ვარჯიშობდა, რათა ოზუმოში მოხვედრილიყო. შთამბეჭდავი ფიზიკური მონაცემებისა (ბალაშვილი სიმაღლეში 190 სანტიმეტრი იყო და 150 კილოგრამს იწონიდა) და 2007 და 2008 წლის ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე მიღწეული წარმატების მიუხედავად, თბილისელმა ბიჭმა ვერ იპოვა სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც მას შანსს მისცემდა. ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ასაკი გახლდათ. ზაზა სამ თვეში 22 წლის ხდებოდა და მან მნიშვნელოვან წარმატებას 5 წლის წინ მიაღწია. შესაბამისად იყო ვარაუდი, რომ ბალაშვილი სეკიტორი 25-29 წლის ასაკში გახდებოდა, მაგრამ ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ზაზას მთავარი პრობლემა სავარჯიშო რინგზე მისი ქმედებები იყო.

მნიშვნელობა არ ჰქონდა ფიზიკურად რამდენად ძლიერები იყვნენ, ან სამოყვარულო დონეზე რა წარმატებას მიაღწიეს, ახალგაზრდა უცხოელებს ვარჯიშებისას მაკუშიტას დივიზიონში მოასპარეზე მებრძოლების წინააღმდეგ ძალიან უჭირდათ.

პირველი შოკი გასახურებელ ვარჯიშს უკავშირდება, რომელიც ძალიან გრძელი და ინტენსიურია. პირველი დაპირისპირების დაწყებამდე საკმაო დროით ადრე ახალწვეულები ოფლში გაწურულები არიან, ხელები მუხლებზე აქვთ დაწყობილი და ძლივს სუნთქავენ. შემდეგ კი ქანცგამოცლილ მებრძოლებს შერკინებების გამართვა უწევთ, რომლებიც 4-5 საათის განმავლობაში გრძელდება.

ბალაშვილმა ოტაკეს სკოლაში რამდენჯერმე ივარჯიშა. ეს სკოლა ეგვიპტელი რიკიშის, ოსუნაარაშის თავშესაფარიც გახლდათ. ზაზამ კი მეტოქეს, რომელსაც 2008 წელს იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოუგო, ვერაფერი მოუხერხა. ქართველმა ოტაკეს სკოლის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგაც ვერაფერი გააწყო, რის შემდეგაც მან თავდაჯერებულობა დაკარგა.

ბალაშვილი გააოგნა იმ პროგრესმა, რომელიც 18 თვის განმავლობაში ერთ დროს მისმა უშუალო კონკურენტმა განიცადა. ამას ისიც დაერთო, რომ ზაზას ოზუმოს ყოველდღიურ ცხოვრებასთან გამკლავება უჭირდა და შედეგად იგი ვარჯიშებზე უფრო მოკრძალებული გახდა და საკუთარ თავთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა.

ქართველს ეს გამოწვევა რომ გადაელახა და მებრძოლი სული გამოევლინა, პროფესიონალურ სუმოში ადგილს ალბათ დაიმკვიდრებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშებზე დაფიქსირებულ შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა და სკოლის მმართველებს მხოლოდ ის აინტერესებდათ ზაზა როგორ ვარჯიშობდა და მას რა პოტენციალი ჰქონდა, ბალაშვილმა თავდაჯერებულობა ვერ დაიბრუნა და შანსი ხელიდან გაუშვა.

ოსუნაარაშიმ, რომელთან ერთადაც იმ ზაფხულს ბალაშვილი ვარჯიშობდა თითოეული მარცხი გაკვეთილად აქცია და მათთან ერთად უმაღლეს დივიზიონში აღზევდა. ოსუნაარაში ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როცა სტატიის ავტორს დაუკავშირდა და შესაფერისი სკოლის პოვნა სთხოვა. რამდენიმე წლის შემდეგ სკოლის მმართველები მას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ასაკოვანი და მოუქნელი იყო, რათა რიკიში გამხდარიყო. ის კი მათ სიტყვებს ყურად არ იღებდა და მათი სკოლების წარმომადგენელ მებრძოლებს, რომლებიც მაკუშიტას დივიზიონის ვეტერანები იყვნენ, უშანსოდ ამარცხებდა.

ცხელი ამბები