ჰარდენის 55 ქულა და ისტორიული შედეგი
Aa
Aa

ჰარდენის 55 ქულა და ისტორიული შედეგი

ჯეიმს ჰარდენმა „კლივლენდ კავალიერსთან“ მატჩში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ელიტურ კომპანიას შეუერთდა.

„ჰიუსტონ როქეთსის“ მსროლელმა მცველმა „კავსის“ წინააღმდეგ 55 ქულა, 3 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. „წვერამ“ პერიმეტრიდან 10 სროლა გამოიყენა და NBA-ის ისტორიაში მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მინიმუმ 10 სამქულიანი რამდენიმე შეხვედრაში ჩააგდო. აქამდე მსგავსი შედეგი მხოლოდ ჯეი არ სმიტს, სტეფ კარის და კლეი ტომპსონს ჰქონდათ დაფიქსირებული. სმიტმა 10 ან მეტი სამიანი 3 შეხვედრაში ჩააგდო, ტომპსონმა 5-ში, ხოლო კარიმ - 15-ში.

გარდა ამისა ჰარდენი მაიკლ ჯორდანსა და კობი ბრაიანტს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ხსენებულ დუეტს 50 ქულა 17 ფრენჩაიზის წინააღმდეგ აქვს გაკეთებული. „წვერასთვის“ კი „კლივლენდი“ მე-15 აღმოჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ „ჰიუსტონის“ რიგებში ჰარდენთან ერთად რასელ უესტბრუკიც გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კლინ კაპელამ კი აქტივში ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 10 ქულა, 13 მოხსნა.

„კავალიერსთან“ მოპოვებული გამარჯვება „როქეთსისთვის“ მიმდინარე სეზონში მე-16 გახლდათ. ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის მეოთხე პოზიციას იკავებენ და მომდევნო მატჩში „ორლანდო მეჯიქს“ შეერკინებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები