Aa
Aa

გოგას ნულები - „ინდიანამ" „ბოსტონს" სძლია

„კლიპერსთან“ წაგების შემდეგ, გოგა ბითაძის „ინდიანა“ საკუთარ კედლებში აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს, „ბოსტონ სელტიქსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი „პეისერსის" 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე კი ინიციატივა ხელთ „ბოსტონმა“ იგდო. მესამე მეოთხედი „კელტებმა“ 14-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა გადამწყვეტ თორმეთწუთეულში „ინდიანამ“ ოპონენტზე 15 ქულით მეტი ჩააგდო და საბოლოოდ 122-117 იმარჯვა.

ნეით მაკმილანმა 20 წლის ქართველ ცენტრს ბევრი სათამაშო დრო არც ამჯერად მისცა. გოგამ პარკეტზე მხოლოდ 2 წუთი და 1 წამი გაატარა და თავი არაფრით გამოუჩენია.

„ინდიანას“ წარმატება კვლავ გუნდური კალათბურთის დამსახურება გახლდათ. „პეისერსის“ რიგებში 15 ან უფრო მეტი ქულა 4-მა მოთამაშემ დააგროვა. საუკეთესო კი 29 ქულით მალკოლმ ბროგდონი იყო.

„ბოსტონის“ მხრიდან 44 ქულით კემბა უოკერი გამოირჩა. ჯეილენ ბრაუნმა 18 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ჯეისონ ტეიტუმმა კი შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

„სელტიქსის“ დამარცხების შემდეგ, „ინდიანას“ 16 მოგება და 9 წაგება აქვს. „პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსეა და მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს, ერთ-ერთი აუტსაიდერის, „ატლანტა ჰოუქსის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები