Aa
Aa

"მილანის" საწყისი სატრანსფერო მიზნები კლუბის გაყიდვის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ახლოვდება ის დრო, როდესაც "მილანი" ახალი მფლობელების ხელში გადავა და კლუბშიც ახალი ერა დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინური "კონსორციუმი" "როსონერის" 80%-ს შეიძენს, დარჩენილ ნაწილს კი მომდევნო 1 წლის განმავლობაში გაიფორმებს.

ჩინელები "Fininvest"-თან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს 80%-ის თაობაზე. თავდაპირველად, გარიგების დასრულების თარიღად 30 ივნისი სახელდებოდა, თუმცა სილვიო ბერლუსკონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო აღნიშნულმა თარიღმა 7 ივლისამდე გადაიწია.

ფაქტია, რომ "Fininvest"-ის ხელში "როსონერიმ" ძველი დიდება დაკარგა და კლუბისგან მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი. თუმცა ახლოვდება ის დრო, როდესაც "მილანი" ევროპაში თავის კუთვნილ ადგილს დაიბრუნებს და ამის დასაწყისი წესით, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა უნდა გახდეს.

ჩინელების მოსვლის შემთხვევაში, "მილანს" არაერთ ფეხბურთელს უკავშირებენ, თუმცა აქცენტს ჯერ-ჯერობით ყველაზე რეალურ კანდიდატებზე გავაკეთებთ.

თვალს გასულ სეზონს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ "როსონერის" ყველაზე სუსტი წერტილი ნახევარდაცვის ხაზია. სწორედ ამიტომ "მილანი" პირველ რიგში აღნიშნული პოზიციის გაძლიერებას აპირებს და მათი თვალთახედვის არეში 2 ხორვატი ფეხბურთელი, მარკო პიაცა და მატეო კოვაჩიჩი მოხვდა.

პირველ მათგანში "დინამო ზაგრები" 20 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა კლუბის გაყიდვის შემთხვევაში "მილანისთვის" აღნიშნული თანხის გადახდა პრობლემა არ იქნება. რაც შეეხება კოვაჩიჩს, აქ სიტუაცია გაცილებით რთულად არის. ფლორენტინო პერესს ფეხბურთელის დაკარგვა არ სურს და მხოლოდ იჯარაზეა თანახმა. "როსონერის" კი სურს, რომ ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმადაც, 1 წლის შემდეგ მათ ფეხბურთელის გამოსყიდვა შეეძლებათ. მიუხედავად "რეალის" პოზიციისა, ყველაფერი შესაძლოა თავად ფეხბურთელის სურვილმა გადაწყვიტოს. კოვაჩიჩი მუდმივად სათადარიგოთა სკამზე ჯდომით მოხიბლული ნამდვილად არ არის და მისი კარიერისთვის "მილანში" გადასვლა ნამდვილად უკეთესი იქნება. ასე, რომ "მილანს" უნიჭიერესი ხორვატი ნახევარმცველის დამატების შანსი ნამდვილად აქვს და და "როსონერი" ამ ტრანსფერის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს.

"მილანის" მორიგი სამიზნე "პალერმოს" გათამაშებელი ფრანკო ვასკესია, რომლის შეძენაც "როსონერის" გასულ ზაფხულსაც სურდა, თუმცა მაშინ მაურისიო ძამპარინიმ ფეხბურთელს წარმოუდგენელი ფასი დაადო. წელს კი, "პალერმო" სერია ბ-ში დაქვეითდა და ვასკესმაც კლუბის ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა კატეგორიულად მოსთხოვა. ასე, რომ სიცილიელთა პრეზიდენტი იძულებულია "მილანის" წინადადებას დათანხმდეს, რომელიც სავარაუდოდ 20-დან 25 მილიონ ევრომდე იქნება.

პირველი ტრანსფერი კი მილანელებმა უკვე გააკეთეს. კლუბმა გასული სეზონის სერია ბ-ს ბომბარდირი, ჯანლუკა ლაპადულა გაიფორმა. 26 წლის თავდამსხმელმა "მილანთან" 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც იგი წელიწადში 1 მილიონ ევროს მიიღებს. ლომბარდიელებს ლაპადულას ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდათ.

საერთო ჯამში კი, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის ჩინელებმა "მილანისთვის" 150 მილიონი ევრო გადმორიცხეს და ჩვენც, "როსონერისგან" გაცილებით ხმაურიან ტრანსფერებს ველით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები