Aa
Aa

გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონატი დინის ტრიუმფით დასრულდა

სნუკერის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, გაერთიანებული სამეფოს ჩემპიონატი დინ ჯუნჰუის ტრიუმფით დასრულდა. 32 წლის ჩინელი ფინალურ შეხვედრაში შოტლანდიის წარმომადგენელ სკოტ მაგუაირს დაუპირისპირდა და მეტოქე 10-6 დაამარცხა.

დინმა ტოპ 3 ტურნირიდან ერთ-ერთი თითქმის 9-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო და 200 000 ფუნტიც დაისაკუთრა. ჩინელი უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა და მაგუაირი ძირითადად მდევრის როლში გახლდათ. შოტლანდიელმა მატჩში გარდატეხის შეტანა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დინმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ფინალური შეხვედრის შემდეგ, ჩინელმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა:

„ეს გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორი წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ამ კვირას კარგად ვითამაშე. წარუმატებელი სერიის გამო, შეშფოთებული ვიყავი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი ოდესმე კიდევ თუ გავიმარჯვებდი... ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითი გახლდათ, მაგრამ ამ ტურნირზე რონი ოსალივანი დავამარცხე, რამაც თავდაჯერებულობა შემმატა და დამარწმუნა, რომ შემეძლო ჩემპიონი გავმხდარიყავი. წნეხისგან თავის დასაღწევად ჩემი პატარა ქალიშვილის ვიდეოებს ვუყურებდი და ეს ძალიან დამეხმარა“.

ცხელი ამბები