Aa
Aa

ჯოშუამ რევანში აიღო! - "ეიჯეიმ" საჩემპიონო ქამრები დაიბრუნა!

საუდის არაბეთში "დირიია არენაზე" ენდი რუის ჯუნიორისა და ენტონი ჯოშუას მატჩრევანში გაიმართა.

ორთაბრძოლა, რომელსაც კრივის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ, ჯოშუას უპირატესობით დაიწყო. ბრიტანელი დისტანციას აკონტროლებდა, ჯებს აქტიურად იყენებდა და პირველი სამი რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა. მეოთხე რაუნდში რუიზმა ინიციატივა ხელთ იგდო, თუმცა მეხუთე და მეექვსე რაუნდი კვლავ "ეიჯეის" კარნახით წარიმართა.

ბრძოლის მეორე ნახევარში რუიზმა გარდატეხის შეტანა სცადა, მაგრამ ჯოშუა ყველაფერს აკონტროლებდა და დაპირისპირების წინ არჩეულ ტაქტიკას იდეალურად მიჰყვებოდა. ბრიტანელი დისტანციას იცავდა და ჯების დახმარებით მეტოქეს მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

საბოლოოდ ჯოშუამ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 118-110, 118-110, 119-109 იმარჯვა და საჩემპიონო ქამრები ღირსეულად დაიბრუნა!

ცხელი ამბები