კრისტიან ლაითი - მოკრივე 279 მარცხითა და საამაყო სტატისტიკით
Aa
Aa

კრისტიან ლაითი - მოკრივე 279 მარცხითა და საამაყო სტატისტიკით

„რა თქმა უნდა კრივის გადმოსახედიდან ხელმოცარული ვარ, მაგრამ როცა ჩემი ბიჭი გაიზრდება და ჰკითხავენ ჰქონდა თუ არა ბავშვობაში საჭმელი და ტანსაცმელი, ის თამამად უპასუხებს, რომ ჰქონდა. მე ჩემი ოჯახის შესანახად ურთულესი გზა ავირჩიე“. ეს სიტყვები კრისტიან ლაითს ეკუთვნის. მოკრივეს, რომელსაც 300 ორთაბრძოლიდან 279 წაგებული აქვს...

ლაითმა მესამასე ჯახი 2018 წლის 28 ივლისს ჩაატარა და მორიგი მარცხის შემდეგ, ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა. „წარმატებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ 300 ბრძოლა სასიამოვნო მიღწევაა. მე ძლიერი მოკრივეების წინააღმდეგ ვჩხუბობდი და როცა ჩემი ბიჭი გაიზრდება, ჩემით აუცილებლად იამაყებს“.

ერთი შეხედვით 279 მარცხი სიამაყის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ კრისტიანი განსაკუთრებული იყო. 279 წაგებული ბრძოლიდან ლაითის მეტოქეებმა ნაადრევად მხოლოდ 5-ჯერ იმარჯვეს. წარმოიდგინეთ, კრისტიანი ქულებით 274-ჯერ დამარცხდა! და პლუს ამას 5-ვე შემთხვევაში ტექნიკური ნოკაუტი დაფიქსირდა და არა ნოკაუტი!

„მარცხის შემდეგ, ზოგჯერ სახლში მივდივარ და ჩემს თავს ვეკითხები - რას აკეთებ? წაგება, წაგება და ისევ წაგება! დეპრესია მაქვს, მაგრამ პარალელურად მახსენდება, რომ ჩემი პატარა ბიჭის სამკურნალო ხარჯებს, სახლის ქირას, იპოთეკას და გადასახადებს ვიხდი. ვერ დავიწუწუნებ. კრივი ჩემი სამსახურია“.

კრისტიანს წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია. მან 16-წლიანი კარიერის განმავლობაში მხოლოდ 12-ჯერ მოიგო. ლაითის მეტოქეები იყვნენ მოკრივეები, რომლებმაც შემდგომში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს, ბრიტანეთისა და ევროპის საუკეთესო მებრძოლები გახდნენ და საჩემპიონო ქამრებისთვის იბრძოლეს.

„ნოკაუტით არასდროს წამიგია. ყველა ბრძოლა ფეხზე მდგომმა ჩავამთავრე და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს“.

ლაითის მეტსახელი მისტერ „საიმედო“ გახლავთ. ის რინგზე გასვლაზე უარს არასდროს ამბობდა. მთავარი იყო შანსი მიეღო და ვინმეს მისთვის წინადადებით მიემართა...

ლაითს ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა. ბოლოს და ბოლოს მან 7 დაუმარცხებელ მოკრივეს სძლია...

ცხელი ამბები