თრილერი ტეხასში - ორი ოვერტაიმი, ჰარდენის 50 ქულა და ლონი უოკერის ბრწყინვალე მატჩი
Aa
Aa

თრილერი ტეხასში - ორი ოვერტაიმი, ჰარდენის 50 ქულა და ლონი უოკერის ბრწყინვალე მატჩი

გამთენიისას „ეითი ენდ თი ცენტრში“ ტეხასური დერბი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „სან ანტონიო“ და „ჰიუსტონი“ დაუპირისპირდნენ.

„სპურსის“ საშინაო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა ნამდვილი თრილერი იხილა. მატჩის მიმდინარეობისას მასპინძლები 22 ქულით აგებდნენ. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი მეტოქეს 9 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და ანგარიში გაათანაბრეს.

რა უცნაურიც არ უნდა იყოს, „სან ანტონიოს“ მხსნელად ლონი უოკერი მოევლინა. ამ უკანასკნელმა ძირითადი დროის ბოლო 67 წამში 8 ქულა ჩააგდო. უოკერმა ჯერ ორქულიანი გაიფორმა, შემდეგ სამიანი, ხოლო საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე, პერიმეტრიდან ზუსტად კიდევ ერთხელ შეუტია და ანგარიში გაათანაბრა.

პირველ ოვერტაიმში უპირატესობას "სან ანტონიო" ფლობდა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა. მეორე ოვერტაიმი კი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გაირკვა. გადამწყვეტ მომენტში უკეთ „სპურსის“ კალათბურთელებმა იასპარეზეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

„სან ანტონიოს“ მხრიდან 28 ქულით ზემოთ ხსენებული ლონი უოკერი გამოირჩა. ბრინ ფორბსმა აქტივში 25 ქულა ჩაიწერა, ხოლო დემარ დეროუზენმა თავი 23 ქულას მოუყარა.

„ჰიუსტონს“ ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. „წვერამ“ 50 ქულა ჩააგდო, მაგრამ საშინელი პროცენტით უტევდა და 38 სროლიდან მხოლოდ 11 გამოიყენა. ჰარდენს არც უესტბრუკი ჩამორჩა. „ბროდიმ“ სამმაგი დუბლი გაიფორმა, მაგრამ 30-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო. „როქეთსის“ რიგებში ყველაზე კარგად კლინტ კაპელამ იასპარეზა, რომელმაც 9-დან 9 ბურთი მოათავსა კალათში და 22 ქულასთან ერთად 21 მოხსნა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები