შერმადინის ბრწყინვალე მატჩი - „იბეროსტარ ტენერიფემ
Aa
Aa

შერმადინის ბრწყინვალე მატჩი - „იბეროსტარ ტენერიფემ" „ბამბერგი" დაამარცხა

გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფემ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი შეხვედრა გამართა და საკუთარ კედლებში გერმანულ "ბამბერგს" შეერკინა.

ქართველი ცენტრის გუნდი ფავორიტი გახლდათ და სტატუსი გაამართლა. ესპანელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 82-64 სძლიეს.

"იბეროსტარ ტენერიფეს" წარმატებაში დიდი წვლილი გიორგი შერმადინმა შეიტანა, რომელიც თავის გუნდში საუკეთესო იყო. "შერმინატორმა" პარკეტზე 23 წუთი და 59 წამი გაატარა და აქტივში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. გიომ 12-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და +/- -ის გრაფაში +21 დააფიქსირა.

ქართველი კალათბურთელის გარდა ესპანური გუნდის რიგებში 15-15 ქულით გაბრიელ ლუნდბერგი და სასუ სალინი გამოირჩნენ. ტომაშ გიელომ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

"ბამბერგთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, "იბეროსტარ ტენერიფეს" ანგარიშზე 7 მოგება და 0 წაგებაა. ესპანელები ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ და მომდევნო მატჩში 10 დეკემბერს, სტუმრად "ნიჟნი ნოვგოროდს" გაეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები