მშვიდი სტარტი, ტრაგედია და შანსი, რომელმაც ენდი რუის ჯუნიორის ცხოვრება შეცვალა
Aa
Aa

მშვიდი სტარტი, ტრაგედია და შანსი, რომელმაც ენდი რუის ჯუნიორის ცხოვრება შეცვალა

2019 წლის პირველ ივნისს ენდი რუის ჯუნიორმა კრივის სამყარო შოკში ჩააგდო. არავინ ელოდებოდა, რომ რუისი ენტონი ჯოშუასთან ბრძოლის დაწყებიდან 22 წუთ-ნახევრის შემდეგ, ნოკდაუნს გაიფორმებდა. არავინ მათ გარდა, ვინც ენდი რუის ჯუნიორის წარსულის შესახებ რაიმე იცოდა.

მშვიდი სტარტი

ანდრეს პონსე რუისი 1989 წლის 11 სექტემბერს, კალიფორნიაში, აშშ-მექსიკის საზღვრიდან 16 მილის დაშორებით მდებარე ქალაქში დაიბადა. 7 წლის ენდი მამამისმა სავარჯიშო დარბაზში წაიყვანა. ანდრეს რუისს იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილი ჭკუას ისწავლიდა და ყველაფრის დამტვრევას შეეშვებოდა. როგორც რუის ჯუნიორი იხსენებს ბავშვობაში ის ყველაფერს ანადგურებდა და მისი მეტსახელი „გამანადგურებელი“ სწორედ ამიტომ გახლავთ. რუისი ბეისბოლზე გიჟდებოდა, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა საყვარელ სპორტზე უარი ეთქვა და ბედი კრივში ეცადა.

ენდის პირველი ნაბიჯების გადადგმა ძალიან გაუჭირდა. მთავარ პრობლემად მას ზედმეტი კილოგრამები მოევლინა. „პუტკუნა ბავშვი ვიყავი და ამის გამო, იძულებული გახლდით ჩემზე უფროსი ბიჭების წინააღმდეგ მეჩხუბა. 7 წლის ასაკში რინგზე 12 წლის ოპონენტების წინააღმდეგ გავდიოდი. მაშინ ჩვენს სავარჯიშო დარბაზში ვერ ნახავდით 7 წლის ბავშვს, რომელიც იმდენს იწონიდა, რამდენსაც მე. ამიტომ მუდამ ჩემზე უფროს მეტოქეებთან მიწევდა დაპირისპირება. სამაგიეროდ სწორედ მაშინ მიღებული გამოცდილებისა და დარტყმების გამოა ახლა აქ რომ ვარ“. - განაცხადა ჯოშუასთან პირველი ჩხუბის წინ რუისმა.

ენდიმ კრივის ფუნდამენტური ასპექტები მალევე აითვისა. კუბელი მწვრთნელის, ფერნანდო ფერერის დახმარებით სამოყვარულო დონეზე მოგებული 105 ბრძოლის შემდეგ, რუისმა 2008 წლის ოლიმპიადაზე გასვლა გადაწყვიტა. ენდიმ მწარე რეალობას თვალი პირველად სწორედ მაშინ გაუსწორა. საკვალიფიკაციო ეტაპზე იგი ორჯერ დამარცხდა და ოლიმპიადაზე მექსიკის სახელით გამოსვლა აუხდენელ ოცნებად დარჩა.

პროფესიონალური კარიერა, მაკაუ და ტრაგედია

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი იმედგაცრუების მიუხედავად, რუისი 2009 წელს, 19 წლის ასაკში პროფესიონალი მოკრივე გახდა. ახალგაზრდა ენდის სხვა არჩევანი უბრალოდ არ ჰქონდა. მას არ უნდოდა მამამისთან ემუშავა, ან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანების წრეში მოხვედრილიყო.

„კრივი რომ არა ალბათ მამაჩემთან ერთად მშენებლობაზე ვიმუშავებდი ან ნარკოტიკების გასაღებით ვიქნებოდი დაკავებული. კრივმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა“. - იხსენებს რუისი.

„გამანადგურებელმა“ პროფესიონალური კარიერა კარგად დაიწყო და რამდენიმე არც თუ ისე სუსტი ოპონენტის დამარცხების შემდეგ, ორი ბრძოლა მაკაუში, მენი პაკიაოს undercard-ზე გამართა. 23 წლის ენდიმ ჯო ჰენქსსა და ტორ ჰამერს სძლია და აზიაში სახელი გაითქვა. 2013 წელს მან South China Morning Post-თან საუბრისას განაცხადა: „დაბადებიდან მსოფლიო ჩემპიონობაზე ვოცნებობ. ჩემი მიზანია პირველი მექსიკელი გავხდე, რომელიც კრივის მძიმე წონით დივიზიონში მსოფლიო ჩემპიონობას დაისაკუთრებს. მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებ და დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამომივა“.

2012 წელს რუისს მორიგ განსაცდელთან მოუწია გამკლავება და ორი უახლოესი მეგობარი დაკარგა. 2012 წელს ალეხანდრო მარტინესი რინგზე მიღებული დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა. ბრძოლა, რომელმაც მარტინესის სიცოცხლე შეიწირა 2009 წელს გაიმართა... 37 თვის განმავლობაში ალეხანდრო კომაში იმყოფებოდა... მარტინესის სიკვდილიდან დაახლოებით 12 თვის შემდეგ კი, ფრენკი ლილი დაიღუპა. მარტინესის მსგავსად ეს უკანასკნელიც კრივს შეეწირა...

ტრაგედიის გამო რუისს კითხვის ნიშნები გაუჩნდა.

„ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვარ და თანახმა ვარ რინგზე მოვკვდე. მე მთელი ცხოვრება ამ მომენტს ველოდი. რინგზე გასვლისას საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე ყველა მოკრივე დებს. ორ ადამიანს ვიცნობდი, რომლებიც ბრძოლის შემდეგ დაიღუპნენ და ამან ოდნავ შემაშინა. მე მათთან ერთად გავიზარდე და ვხვდებოდი, რომ იყო შანსი იგივე ნებისმიერს დამართნოდა. სწორედ ამიტომ კითხვის ნიშნები გამიჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ  დიდი მექსიკური cojones-ი მაქვს და კრივისთვის ვარ დაბადებული“.

პირველი წარუმატებლობა და შანსი, რომელმაც რუისის ცხოვრება შეცვალა

2016 წელს რუისმა WBO-ს საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსი მიიღო და ახალ ზელანდიაში ჯოზეფ პარკერს დაუპირისპირდა. ახალი მწვრთნელის, აბელ სანჩესის დამოძღვრილმა ენდიმ კარგად იასპარეზა და პარკერის წინააღმდეგ რინგზე 12 რაუნდი გაატარა, თუმცა მსაჯებმა გამარჯვება მაინც მოქმედ ჩემპიონს არგუნეს. „გამანადგურებელს“ მატჩრევანშის გამართვა სურდა, მაგრამ პარკერმა უარი განაცხადა...

ახალ ზელანდიელთან ჩხუბის შემდეგ, ენდი რამდენიმე არც თუ ისე ცნობილ მებრძოლს დაუპირისპირდა, მაგრამ ჯარელ მილერის დამსახურებით სულ მალე მისი ცხოვრება შეიცვალა. „ბიგ ბეიბი“ ენტონი ჯოშუას უნდა შეხვედროდა, მაგრამ სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და „ეიჯეის“ წარმომადგენლები იძულებულები გახდნენ ამერიკელის შემცვლელი მოეძებნათ.

ჯოშუა მაიკლ ჰანტერისა და დილიან უაითის კანდიდატურებს განიხილავდა, როცა მისმა პრომოუტერმა, ედი ჰირნმა სოციალურ ქსელებში ენდი რუის ჯუნიორისგან შეტყობინება მიიღო. ენდიმ „ეიჯეი“ გამოიწვია და მის პრომოუტერს მილერის შემცვლელად საკუთარი თავი შესთავაზა.

ჰირნის გადაწყვეტილებას და ენტონი ჯოშუას მეტოქედ ენდი რუის ჯუნიორის არჩევას სოციალურ ქსელებში ნეგატიურად შეხვდნენ, თუმცა პუტკუნა მექსიკელმა 2019 წლის პირველ ივნისს კრიტიკოსები დაადუმა და კრივის მოყვარულები შოკში ჩააგდო. ენდი რუის ჯუნიორს იმედი აქვს, რომ 8 დეკემბერსაც იგივეს გააკეთებს.

ცხელი ამბები