16 მიზეზი - რატომ იმსახურებდა მესი ოქროს ბურთს
Aa
Aa

16 მიზეზი - რატომ იმსახურებდა მესი ოქროს ბურთს

კატალონიის „ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ის 16 მიზეზი დაასახელა, რომელთა გამოც ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებდა.

1 – The Best-ის ჯილდო პირველად მოიგო

სექტემბერში ლიონელ მესიმ ვირჯილ ვან დეიკს და კრიშტიანუ რონალდუს აჯობა და Fifa-ს The Best-ის დაჯილდოების გამარჯვებული გახდა. არგენტინელი განახლებული ფორმატით ჩატარებულ დაჯილდოებაზე პირველად გამოარჩიეს.

2 – „ბარსას“ ლა ლიგა მოაგებინა

2018-19 წელს მესიმ „ბარსელონას“ ლა ლიგა მოაგებინა, რაც მისთვის კარიერაში 34-ე ტიტული აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ლეო „ბარსას“ ისტორიაში საუკეთესოა. მან ლა ლიგა 10-ჯერ დაისაკუთრა და პაკო ხენტოს რეკორდს მხოლოდ 2 ჩემპიონობით ჩამორჩება. გარდა ამისა, მესიმ გუნდი კოპა დელ რეის ფინალში და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.

3 - მეექვსე „პიჩიჩი“

2018-19 წლების სეზონში მესიმ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 36 გოლი შეაგდო. ლეო „პიჩიჩის“ ჯილდოს მფლობელი ზედიზედ მესამედ, სულ კი მეექვსედ გახდა და ტელმო სარას გაუთანაბრდა.

4 - მეექვსე „ოქროს ბურთი“

ლა ლიგაში გატანილი 36 გოლით მესი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მესიმ 72 ქულა დააგროვა და „ოქროს ბუცის“ მფლობელი ზედიზედ მესამედ, სულ კი მეექვსედ გახდა.

5 – 2018-19 წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი

მესიმ ევროპული ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მეტოქეთა კარი 10 მატჩში 12-ჯერ აიღო. „ლივერპულის“ წინააღმდეგ გატანილი ჯარიმა კი ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო გოლად დაასახელეს.

6 - ლა ლიგის ლიდერი საგოლე გადაცემებით

2018-19 წლების სეზონში მესი საუკეთესო არამხოლოდ გატანილი გოლებით, არამედ საგოლე გადაცემებითაც იყო. მან თანაგუნდელებს 13-ჯერ გაატანინა. ამდენივე შედეგიანი პასი მხოლოდ პაბლო სარაბიამ გაიფორმა.

7 - საოცარი რიცხვები

2019 წელს ლეომ 44 შეხვედრაში 41 გოლი შეაგდო და მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის ჩამორჩება. გარდა ამისა, მესიმ 15 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლეომ ჰეთ-თრიქი 3-ჯერ, ხოლო დუბლი 7-ჯერ შეასრულა.

8 - ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტ გუნდს გაუტანა

„ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ მე-700 მატჩში მესიმ „დორტმუნდის“ კარი აიღო და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 34 გუნდს გაუტანა.

9 – 50-ე ჯარიმა კარიერაში

ოქტომბერში მესიმ საჯარიმო დარტყმით „ვალიადოლიდის“ კარი დალაშქრა. ამჟამად ლეოს 52 ჯარიმა აქვს გატანილი. 46 „ბარსაში“, 6 არგენტინის ნაკრებში.

10 – 600-ზე მეტი გოლი „ბარსაში“

614 გოლით მესი „ბარსელონას“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

11 - ლა ლიგის ლიდერი ჰეთ-თრიქების რაოდენობით

ოქტომბერში მესიმ „სელტას“ სამი გოლი გაუტანა და ლა-ლიგაში გაფორმებული ჰეთ-თრიქების რაოდენობით რეკორდსმენ კრიშტიანუ რონალდუს გაუთანაბრდა.

12 – 700-ზე მეტი მატჩი „ბარსელონას“ მაისურით

მესის „ბარსას“ რიგებში 701 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მხოლოდ ჩავის ჩამორჩება, რომელიც თავს 767 მატჩით იწონებს.

13 - კოპა ამერიკის ბრინჯაო

არგენტინას კოპა ამერიკა არ მოუგია, მაგრამ მესიმ ტურნირი მედლის გარეშე მაინც არ დატოვა. „ალბისელესტემ“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჩილე დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა.

14 - ყველაზე მეტი გამარჯვება ლა ლიგაში

მესიმ იკერ კასილიასის რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგაში ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს. ლეომ ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 346 მატჩი მოიგო.

15 – გამარჯვებების რეკორდი "ბარსელონაში"

ყველა ტურნირის ეგიდით მესის 496 შეხვედრა აქვს მოგებული. წლეულს მან ჩავის გადაუსწრო და „ბარსას“ რეკორდსმენი გახდა.

16 - სტაბილური ასპარეზობა

მესი საოცარი სტაბილურობით გამოირჩევა. მისი პირველი ოქროს ბურთიდან 10 წელია გასული და ამ პრესტიჟული ჯილდოს მეექვსედ დასაკუთრებას ნამდვილად იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები