Aa
Aa

მესი: „ინდივიდუალური ჯილდოების მიღება სასიამოვნოა, მაგრამ"...

პარიზში 2019 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშედ ლეო მესი დაასახელა! არგენტინელმა „ლივერპულის“ ცენტრალურ მცველს ვირჯილ ვან დეიკს აჯობა და ოქროს ბურთი კარიერაში მეექვსედ მოიგო.

ჯილდოს მიღების შემდეგ, „ლა პულგა“ სიტყვით გამოვიდა და განაცხადა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა იმ ჟურნალისტებს გადავუხადო, რომლებმაც ხმა მე მომცეს და ამ ჯილდოს მიღების ღირსად ჩამთვალეს. რა თქმა უნდა მადლობას ჩემს თანაგუნდელებსა და კლუბსაც ვუხდი. ეს აღიარება თქვენი დამსახურებაცაა.

როგორც ვიდეოში იხილეთ, ოქროს ბურთი პირველად 10 წლის წინ მოვიგე. მაშინ 22 წლის ვიყავი, პარიზში ჩემს სამ ძმასთან ერთად ჩამოვედი და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა.

დღეს, 10 წლის შემდეგ, ოქროს ბურთი მეექვსედ აბსოლუტურად განსხვავებულ დროს, ჩემს პირად ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან მომენტში მივიღე. პარიზში ჩემს მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ჩამოვედი და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ჩემი ძმა და ჩემი ერთ-ერთი ძმისშვილიც აქ არიან.

როგორც ჩემმა მეუღლემ განაცხადა, ამ დროის განმავლობაში ოცნება არასდროს შემიწყვიტავს. მე ვოცნებობდი, რომ წინსვლა გამეგრძელებინა, ყოველდღიური პროგრესი მქონოდა და ფეხბურთით სიამოვნება მიმეღო. მადლობა ღმერთს, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

ბედნიერი ვარ ყველაფრით, რაც პირად ცხოვრებაში მაქვს. ფეხბურთში კი მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები. ყოველწლიურად პროგრესის მიღწევას ვცდილობ და სხვადასხვა ასპექტების გაუმჯობესებაზე ვმუშაობ.

ინდივიდუალური ჯილდოების მიღება სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის ისინი მეორეხარისხოვანია. მთავარი საკლუბო დონეზე მოგებული ტიტულებია. მე ყოველწლიურად ყველა ტურნირის მოსაგებად ვემზადები. ზოგჯერ ეს გამომდის, ზოგჯერ არა.

ვამაყობ, რომ ფეხბურთისა და იმ კლუბის ისტორიის ნაწილი ვარ, რომელიც ძალიან მიყვარს. ინდივიდუალური ჯილდოები ნამდვილად არ მჭირდება იმისთვის, რომ ბარსელონასთან ერთად ტიტულებისთვის ბრძოლა გავაგრძელო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები