Aa
Aa

სულ რაღაც 2 წუთი და 55 წამი - გოგას "ინდიანამ" "მემფისი" დაამარცხა

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ მიმდინარე სეზონში მეცამეტე გამარჯვება იზეიმა. გამთენიისას ნეით მაკმილანის გუნდი სტუმრად „მემფის გრიზლისს“ შეერკინა და დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი აუტსაიდერი იოლად - 104 - 117 დაამარცხა.

სამწუხაროდ 20 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე კვლავ ძალიან ცოტა დრო გაატარა. გოგამ სულ რაღაც 2 წუთი და 55 წამი ითამაშა და გასაკვირი არაა, რომ თავი ვერაფრით გამოიჩინა. ბითაძეს მეტოქის ფარის მიმართულებით ბურთი არ უსვრია, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და 1 დაკარგვა ჰქონდა.

„მემფისთან“ შეხვედრაში „ინდიანამ“ გუნდური კალათბურთი აჩვენა. „პეისერსის“ რიგებში 10-ქულიანი ნიშნული 7-მა მოთამაშემ გადალახა. საუკეთესო კი მალკოლმ ბროგდონი გახლდათ, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 9 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა გაიფორმა. ბროგდონს მხარი დომანტას საბონისმა აუბა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 ასისტი დააკლდა - 18 ქულა, 14 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ლიეტუველმა კალათბურთელმა 6 პერსონალური ფოლის გამო, პარკეტი ნაადრევად დატოვა.

„მემფისთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, „პეისერსის“ ანგარიშზე 13 მოგება და 7 მარცხია. გოგას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, სტუმრად „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები