ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა - რას აპირებს „ბარსელონა“?
Aa
Aa

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა - რას აპირებს „ბარსელონა“?

„ბარსელონას“ ხელმძღვანელები, ერიკ აბიდალი და რამონ პლანესი ერნესტო ვალვერდესთან კონსულტაციის შემდეგ შეჯერდნენ იმაზე, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი ახალ ფეხბურთელს არ დაიმატებს. უსმან დემბელეს ტრავმის მიუხედავად, „ბლაუგრანას“ მესვეურები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

პირველი - თითქმის გამორიცხულია ზამთარში ისეთი ფეხბურთელი იპოვო, რომელიც „ბარსელონას“ შეტევას გააძლიერებს. ბოატენგის ტრანსფერი აბიდალისთვის და პლანესისთვის კარგი მაგალითი აღმოჩნდა. განელმა „კამპ ნოუზე“ თავი ვერაფრით გამოიჩინა, რის შემდეგაც კლუბის მესვეურებმა თავიანთი შეცდომა გაანალიზეს და გადაწყვიტეს ამიერიდან აქცენტი მხოლოდ იმ მოთამაშეებზე გააკეთონ, რომლებიც „ბარსაში“ არსებულ კონკურენციას გაუმკლავდებიან.

„ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ზამთარში ტრანსფერებზე უარის თქმა, უსმან დემბელეზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედებს და ფრანგს თავდაჯერებულობას დაუბრუნებს. „ბარსელონაში“ თვლიან, რომ დემბელე გამოსწორების გზაზეა და ცუდ ჩვევებს ნელ-ნელა ამარცხებს. შესაბამისად ზამთარში მისთვის კონკურენტის მიყვანა შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. თანაც დემბელე სარეაბილიტაციო კურსს გადის და მისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა უპრიანი ნამდვილად არაა.

დაბოლოს, „ბარსაში“ კარლეს პერესისა და ანსუ ფატის ეიმედებათ. ერნესტო ვალვერდეს მიაჩნია, რომ ისინი გუნდს აუცილებლად წაადგებიან და რამდენიმე შეხვედრაში დიდ სათამაშო დროსაც მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები